„ტვ პირველის“ ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ჯიოშვილი სასამართლო სხდომის დარბაზიდან გათავისუფლდა.
ჯიოშვილს შსს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევაში ედავებოდა, რაც პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
პროცესზე დაიკითხნენ პოლიციელები და ჯიოშვილთან ერთად მყოფი აქციის მონაწილეები. როგორც პოლიციელებმა განაცხადეს, აღნიშნული პირები 18 თებერვალს საეჭვოდ გადაადგილდებოდნენ, იფიქრეს, რომ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ჩაიდენდნენ და შეაჩერეს. მათი თქმით, ლაშა ჯიოშვილმა აგრესია გამოხატა და არ დაემორჩილა მათ, რის შემდეგაც დააკავეს.
ლაშა ჯიოშვილი დაკავებას საპროტესტო პლაკატს უკავშირებს, რომელიც მას ხელში ეკავა.
მისი თქმით, მეგობართან ერთად იმყოფებოდა, არაფერი დაურღვევია და სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა გაიტაცეს. მისი თქმით, ამ ადამიანებს პოლიციის საიდენტიფიკაციო ფორმა არ ეცვათ. ჯიოშვილის ვარაუდით, მოქალაქეებს დაკავების ადგილას ვიდეოგადაღება რომ არ დაეწყოთ, ნარკოტიკებს ჩაუდებდნენ.
ადვოკატები მოსამართლის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ის არ დაეყრდნო ნეიტრალურ მტკიცებულებას, ვიდეოკადრებს, სადაც ჩანს, რომ პოლიციის ფორმა ადამიანებს არ აცვიათ და ჯიოშვილი მათ არანაირ წინააღმდეგობას არ უწევს. ადვოკატების თქმით, მოსამართლემ მხოლოდ პოლიციელების ცრუ ჩვენებები გაითვალისწინა.