25 თებერვალს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ვერის სასაფლაოზე შეიარაღებული თავდასხმის შესახებ, რომელსაც თითქოს ახალგაზრდა მამაკაცი მხოლოდ იმიტომ გადაურჩა, რომ ტანზე ჯავშანჟილეტი ეცვა.
მამაკაცი, რომელსაც მედიაში თავდასხმის მსხვერპლად წარმოადგენდნენ გიორგი რუხაძეა, მეტსახელად “ქოჩორა“ - ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეში ბრალდებული ძმების, დათა და გუგა კაკულიების დეიდაშვილი.
ვერის სასაფლაოზე “შეიარაღებული თავდასხმის“ შესახებ აღნიშნული ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა.
“პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, გადამოწმდა შემთხვევის ადგილზე დამონტაჟებული თითქმის ყველა ვიდეო კამერის ჩანაწერები. გამოცემა იუწყება, რომ კადრები მიუთითებდა, რომ დროის იმ მონაკვეთში ვერის სასაფლაოზე არათუ გიორგი რუხაძის, არამედ სხვა ადამიანების რაიმე საეჭვო გადაადგილებაც კი არ ფიქსირდება. როგორც პრაიმტაიმი წერს,, გადამოწმდა სატელეფონო ანძის მონაცემებიც და დადგინდა, რომ იმ დღეს გიორგი რუხაძე საკუთარი სახლიდან გამოსულიც კი არ ყოფილა. რა მოხდა სინამდვილეში? ამის გასარკვევად, ე.წ. “დაზარალებული“ პოლიციის განყოფილებაში გამოკითხეს.
“პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, რუხაძემ სამართალდამცველებთან აღიარა, რომ თავდასხმის ისტორია თავად გამოიგონა და სინამდვილეში, იმ დღეს ვერის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე საერთოდ არ ყოფილა. მედიის ინფორმაციით, გიორგი რუხაძემ ჩვენებაში დაწერა ისიც, რომ არარსებული თავდასხმის შესახებ ინფორმაციის კონკრეტული მედიისთვის მიწოდება მის მეგობარ გოგოს სთხოვა. გიორგი რუხაძე, არ აკონკრეტებს, თუ რა მოტივით მოიგონა მასზე თავდასხმის ფაქტი.
შეგახსენებთ, რომ დათო და გურამ კაკულიები სამართალდამცველებმა 30 მაისს, ორთაჭალაში ნაქირავებ ბინაში დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ისინი საზღვრის გადაკვეთას აპირებდნენ და ჰქონდათ უკანონოდ შეძენილი იარაღიც. მალევე მათ ბრალი დაუმძიმდათ. პროკურატურამ ძმების წინააღმდეგ გამოძიება ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლითაც დაიწყო. ბრალდება 27 მაისს არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარ დაჭრის ეპიზოდს ეხება, რა დროსაც მოპედიდან სერგი ქურთიაშვილს და გიორგი კაჭკაჭიშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს.




