საპატრულო პოლიციის, თბილისის პოლიციის, გურიის, ქვემო და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, 13 პირი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს, რომელთა ნაწილი წარსულში ნასამართლევია.

პოლიციელებმა დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, დამხმარე სათავსოებისა და ავტომანქანების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, შაშხანა და საბრძოლო მასალები.

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი, მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 24 საათიან რეჟიმში აგრძელებს კრიმინალის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას და პრევენციული ღონისძიებების გატარებას, უსაფრთხო გარემოს მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით.