დიდთოვლობასთან დაკავშირებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა ხელმძღვანელობდა, რეგიონში არსებული ვითარება მიმოიხილეს და ერთობლივად განსახორციელებელი სამუშაოები დაგეგმეს.

სხდომას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებთან ერთად ესწრებოდა. მგალობლოშვილმა თვითმმართველობების წარმომადგენლებისგან დევნილთა ჩასახლებებში არსებულ ვითარებაზე მიიღო ინფორმაცია და კოორდინირებულად განსახორციელებელ საკითხებზე ისაუბრა.

„დიდთოვლობასთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო შტაბის სხდომაზე მივიღეთ ინფორმაცია თითოეულ დასახლებულ პუნქტში არსებულ საჭიროებებთან დაკავშირებით. მუნიციპალიტეტებში ყველა მთავარი გზა გაწმენდილია, გვრჩება სოფლები, სადაც ჯერ კიდევ ვაწარმოებთ ელექტროენერგიის აღდგენით სამუშაოებს. გაზმომარაგებასთან დაკავშირებით პრობლემები არ გვაქვს. სხდომაზევე აფხაზეთი მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად მიმოვიხილეთ დევნილთა დასახლებებში არსებული ვითარება და დავგეგმეთ ერთობლივად განსახორციელებელი საკითხები“, – განაცხადა საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა, სახელმწიფო რწმუნებულმა, დავით ვერავამ.

მან მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს 24-საათიანი მუშაობისთვის და პრობლემებზე დროული რეაგირებისთვის.

ყველა მუნიციპალიტეტი მუშაობის 24-საათიან რეჟიმზეა გადასული, მობილიზებულია მერიის შესაბამისი სამსახურები. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და მერიებში შექმნილია ცხელი ხაზები.

ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.