საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში გურიის რეგიონში ჩატარებულ სამუშაოებზე ისაუბრა, რომელიც დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების გადაჭრას ემსახურებოდა.
მისი თქმით, ღამის განმავლობაში გაიხსნა გზის 15 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელმაც სამსახურებს საშუალება მისცა, კომუნიკაცია დაემყარებინათ მოსახლეობის იმ ნაწილთან, რომლებიც აბსოლუტურად მოწყვეტილნი იყვნენ გარე სამყაროს.
"სულ ახლახან დასრულდა საკოორდინაციო საბჭოს შეკრება, რომელსაც ხელმძღვანელობდა პრემიერ-მინისტრი. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გუშინ დილიდან დავიწყეთ აქტიური სამუშაოები გარკვეულ მონაკვეთებზე, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან და თავდაცვის ძალებთან ერთად. რამდენიმე ლოკაციაზე, მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა როგორც გზის გაწმენდის სამუშაოები, ასევე, ბურანების საშუალებით, მოსახლეობასთან კომუნიკაცია.
ღამის განმავლობაში, დაახლოებით, 15-კილომეტრიანი მონაკვეთები გაიხსნა, რათა მოსახლეობასთან კომუნიკაციაში შევსულიყავით და ეს მონაკვეთებია რომელიც, უხვი ნალექიდან გამომდინარე, აბსოლუტურად მოწყვეტილი იყო გარე სამყაროს. ხუთ ლოკაციაზე, სხვადასხვა მიმართულებით, მოწყვლად დასახლებებში, გავხსენით ადგილობრივი შტაბები, რომელიც დაკომპლექტებულია როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებით, ისე თავდაცვის სამინისტროს, სამედიცინო სამსახურისა და პოლიციური ძალების წარმომადგენლებით. ამ კონკრეტულ ლოკაციებზე, მობილიზებულია როგორც მძიმე ტექნიკა, ისე სხვა სპეც. საშუალებები, დაკომპლექტებული მეხანძრე-მაშველებისა და თავდაცვის სამინისტროს სპეციალიზებული თანამშრომლებით. ეს გვაძლევს საშუალებას, ოპერატიულად გადავჭრათ კონკრეტული მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხები.
აქვე, მინდა დავამატო, რომ ლოკალურ შტატებში მობილიზებული გვაქვს როგორც სურსათი, ისე პირველადი მოხმარების საყოფაცხოვრებო საშუალებები, რათა დროულად მოხდეს მოქალაქეებთან ამ ნივთების მიწოდება საჭიროების შესაბამისად," - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.