საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის განცხადებით, ვრცელდება სხვადასხვა გადაუმოწმებელი ინფორმაცია გურიაში სტიქიის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების შესახებ, რაც რეალობას არ შეესაბამება.

როგორც თემურ მღებრიშვილმა გადაცემა "ღამის კურიერში" საუბრის დროს განაცხადა, გურიაში სტიქიურმა უბედურებამ ერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

მღებრიშვილის თქმით, ფიქსირდება სხვა გარდაცვალების შემთხვევები, თუმცა ის ბუნებრივი პირობებითაა განპირობებული და ამ შემთხვევებთან სტიქიას კავშირი არ აქვს.

"ძალიან ბევრი დაუზუსტებელი და არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, ეს სუბიექტური და ობიექტური მიზეზებით არის გამოწვეული. გურიაში, ამ დროისთვის, მხოლოდ ერთი უბედური შემთხვევაა დაფიქსირებული, იყო სხვა გარდაცვალების ფაქტები, მაგრამ ეს არ იყო გამოწვეული სტიქიური მოვლენებით, ეს იყო ბუნებრივი შემთხვევები, აქედან გამომდინარე, გურიაში გვაქვს მხოლოდ ერთი უბედური შემთხვევა, რაც შემიძლია დაგიდასტუროთ", - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.