საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, კავკასიის უნივერსიტეტისა და ბასკეთის კულინარიის სკოლის  ერთობლივი პროექტის ფარგლებში, გურჯაანში, 200 სტუდენტზე გათვლილი, ახალი კოლეჯი შენდება.

პროფესიული კოლეჯის მშენებლობის პროცესს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითრების სააგენტოს დირექტორი ირაკლი კუპრავა, პარლამენტის წევრ, გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს მაჟორიტარ დეპუტატთან დავით სონღულაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

კოლეჯი პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას და რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ  მცხოვრები ახალგაზრდების კულინარის პროფესიის დაუფლებას უზრუნველყოფს.

 21600 კვ. მეტრ ფართობზე განთავსებულ, უახლესი სტანდარტების კოლეჯში მოეწყობა თეორიული სწავლების აუდიტორიები, საკონფერენციო და სადემონსტრაციო დარბაზები, სარესტორნო, სამზარეულო, სამაცივრე და სასაწყობო სივრცეები და აღიჭურვება უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით.

კომპლექსში იფუნქციონირებს 60 სტუდენტზე გათვლილი კამპუსი, სპორტული დარბაზი და  რეკრეაციული სივრცე, შენობა სრულად იქნება ადაპტირებული სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის.

 პროექტი, რომლის ღირებულება 16 672 257 ლარია, ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებით, სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით მიმდინარეობს.