,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრმაღელეს ახალი საბავშვო ბაღი აქვს, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ყველა შესაბამის მოთხოვნას და სტანდარტს. შენობაში გათვალისწინებულია სპეციალური საინჟინრო და ტექნიკური ინფრასტრუქტურა და შესაბამისი სივრცეები: საკლასო ოთახები, სველი წერტილები, სივრცეები შემოქმედებითი წრეებისთვის, კვების ბლოკი. ბაღი სრულად არის ადაპტირებული სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის და ყველა თანამედროვე მოთხოვნას აკმაყოფილებს“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ სოფელ ღრმაღელეში ახლად აშენებული ბაღის დათვალიერების შემდეგ განაცხადა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრმაღელეში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა, პროექტის ღირებულება 1,2 მილიონი ლარია. პროექტი 2023 წლის ივნისში დაიწყო და 2024 წლის სექტემბერში დასრულდა.
ახალ საბავშვო ბაღში მოეწყო სათამაშო და საძინებელი ოთახები, საპირფარეშოები და ეზო. პროექტით გათვალისწინებული იყო შიდა და გარე სივრცეების, რეკრეაციული ზონების, კომუნიკაციების და სველი წერტილების კეთილმოწყობა. პროექტის განხორციელების შედეგად, ბაღის აღსაზრდელები საცხოვრებელთან ახლოს მდებარე, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის ბაღში ივლიან.
,,მნიშვნელოვანია რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ბოლო სამი წლის განმავლობაში უკვე 10 ბაღის მშენებლობის პროექტი განხორციელდა, ზოგიერთი მათგანი მიმდინარეა. ამჟამად კიდევ 4 ბაღის რეაბილიტაცია გრძელდება. უმნიშვნელოვანესია ,,ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამა“, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით საბავშვო ბაღების მშენებლობასა და რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ამჟამად, პროგრამის პირველი ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს“-აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.
ღრმაღელის ბაღის მშენებლობა განხორციელდა ,,ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამის“ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის მასშტაბით 885 საბავშვო ბაღის მშენებლობასა და კეთილმოწყობას.