სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო თბილისში ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის  მშენებლობას ახორციელებს..

აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა საქართველოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტია და იგი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორთან, ევროკავშირთან  თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი  საფუძველია.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სასწავლო დაწესებულებაში მოსწავლე ახალგაზრდობას ევროპული განათლების მიღების შესაძლებლობა ექნებათ: აღიჭურვონ ისეთი უნარებითა და ცოდნით, რომლითაც წარმატებებს მიაღწევენ სწრაფად განვითარებად სამყაროში.

სკოლის შენობა სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის სტანდარტებთან: 26,090 კვადრატულ მეტრზე განლაგებული სასწავლო კომპლექსი მოიცავს სკოლისა და საერთო საცხოვრებლის შენობებს, რაგბის, კალათბურთისა და ფრენბურთის მოედნებს, ბიბლიოთეკასა და სხვა საგანმანათლებლო სივრცეებს.

სრულად იქნება ადაპტირებული სპეციალური საჭიროების მქონე პირებზე: მოეწყობა პანდუსები, ლიფტები და ადაპტირებული სველი წერტილები.

სკოლის კომპლექსის დიზაინი, თავისი მრავალფეროვანი და მოქნილი სასწავლო გარემოთი, საქართველოში სკოლების თანამედროვე დიზაინის ახალ სტანდარტს დაამკვიდრებს. ევროპული სკოლის დახურული და გარე სასწავლო სივრცეები მოსწავლეებს უამრავ შესაძლებლობას მისცემს, ისწავლონ, იცხოვრონ და თავისუფალი დრო ერთად, ჯანსაღ საგანმანათლებლო გარემოში გაატარონ.

მშენებლობა სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ ევროსტანდარტების შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალების გამოყენებით, ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის რეკომენდაციების შესაბამისად მიმდინარეობს.