საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი, მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილთან ერთად, გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტსა და ივანე ბერიტაშვილის სახელობის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრს ეწვია, სადაც კვლევითი ინსტიტუტების ინფრასტრუქტურა – მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ლაბორატორიები დაათვალიერა. მინისტრი ცენტრების საქმიანობასა და მიმდინარე სამეცნიერო-კვლევით პროცესებს დეტალურად გაეცნო.
თბილისის ბაქტერიოლოგიური ინსტიტუტი, გიორგი ელიავას ხელმძღვანელობით, გახლდათ მსოფლიოში პირველი სამეცნიერო დაწესებულება, რომელიც ატარებდა მასშტაბურ კვლევებს ფაგების შესწავლისა და პრაქტიკული გამოყენების მიმართულებით. დაარსებიდან დღემდე ბაქტერიოფაგების კვლევა და ფაგოთერაპია, იმუნური და ბაქტერიული პრეპარატების შემუშავება-დანერგვის მიმართულებით კვლევების ჩატარებასთან ერთად, ინსტიტუტის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს.
თბილისის ბაქტერიოლოგიური ინსტიტუტი აქტიურად აგრძელებს ცნობილი მიკრობიოლოგის გიორგი ელიავას დაწყებულ სამეცნიერო საქმეს. ინსტიტუტში დღესაც ხორციელდება მრავალი საერთაშორისო პროექტი, რომელიც გულისხმობს ბაქტერიოფაგების გამოყენებას დაავადებების სამკურნალოდ პროფილაქტიკისა და დიაგნოსტიკის მიმართულებით.
ივანე ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტი წარმოადგენს სამეცნიერო-კვლევით ცენტრს, სადაც ფუნქციონირებს: ნეიროფიზიოლოგიის, ბიოქიმიის, ბიოფიზიკის, რადიობიოლოგიის განყოფილებები და სხვა მნიშვნელოვანი ლაბორატორიები, სადაც არაერთი საერთაშორისო აღიარების მქონე მეცნიერი მუშაობს, მათი კვლევები და აღმოჩენები ხშირად იბეჭდება უცხოურ სამეცნიერო ჟურნალებში. ცენტრის მეცნიერები აქტიურად თანამშრომლობენ უცხოელ კოლეგებთან, უნივერსიტეტებთან, კლინიკურ და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან.