იმერეთის რეგიონში კიდევ ერთი ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში გაიხსნა.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სკოლას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძე, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი ირაკლი კუპრავა და  საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე ერთად ეწვივნენ.

გიორგი ჯინჭარაძემ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და მასწავლებლებსა და მოსწავლეებს განახლებულ სასწავლო სივრცეში სწავლის გაგრძელება მიულოცა.

400 მოსწავლეზე გათვლილი საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია და აღჭურვა სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა. პროექტის ღირებულება  3 მილიონ 900 ათას ლარამდეა.

სკოლაში სასწავლო სივრცეების პარალელურად, ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი, ექიმის კაბინეტი და რესურს ოთახი. შენობა სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის: მოეწყო ლიფტი, სანიტარული კვანძები და პანდუსი. პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყო გარე სპორტული მოედანი. სკოლა სრულად აღიჭურვა ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსითა და ინვენტარით.

ახლად რეაბილიტირებულ სკოლას ასევე ესტუმრნენ საკანონმდებლო, აღმასრულებელი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

საქართველოს მასშტაბით, სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოები როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.