საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ირაკლი კუპრავამ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან ერთად, კახეთის რეგიონში თანამედროვე სტანდარტების 3 საჯარო სკოლა გახსნეს.
ვიზიტში ასევე მონაწილეობდნენ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ლევან მუშკუდიანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
სტუმრებმა სკოლების ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, მიმდინარე სასწავლო პროცესს გაეცნენ და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში სწავლის გაგრძელება მიულოცეს.
საჯარო სკოლების მშენებლობა / სრული რეაბილიტაცია სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა.
აღსანიშნავია, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანის, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანის მე-2 და სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლებში სასწავლო სივრცეების პარალელურად ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სასადილო და სააქტო დარბაზები, ექიმის კაბინეტი და რესურს ოთახი. სპორტული ინფრასტრუქტურა და რეკრეაციული სივრცეები.
სკოლები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის: დამონტაჟებულია ლიფტი, ადაპტირებული სველი წერტილები და პანდუსი; აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, ავეჯითა და შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსებით. უზრუნველყოფილია უსაფრთხოების სისტემებით.
სოფელ ოზაანის ახლად აშენებული საჯარო სკოლა 120 მოსწავლეზეა გათვლილი და სამშენებლო პროექტის ჯამური ღირებულება 3 000 000 ლარამდეა;
სოფელ ზემო ალვანის ახლად რეაბილიტირებული N2 საჯარო სკოლა 400 მოსწავლეზეა გათვლილი. პროექტის ჯამური ღირებულება 4 000 000 ლარამდეა;
სოფელ საქობოს ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა 500 მოსწავლეზეა გათვლილი და პროექტის ჯამური ღირებულება 5 000 000 ლარზე მეტია.