ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის  ბიუჯეტი  41 082 400 ლარით გაიზარდა და  178 328 300 ლარი შეადგინა. ცვლილება ბიუჯეტში  საკრებულოს რიგით 41-ე სხდომაზე იქნა დამტკიცებული. სხდომას ესწრებოდნენ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, მერის მოადგილეები და სამსახურების ხელმძღვანელები.

ქალაქის ბიუჯეტის  გაზრდა შესაძლებელი გახდა საქართველოს მთავრობის და უშუალოდ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ქუთაისისთვის დამატებითი ტრანშის გამოყოფის შედეგად.

აღნიშნული თანხიდან, 40 მილიონამდე ლარი მოხმარდება ქალაქში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას  - გზების და ტროტუარების  კაპიტალურ შეკეთებას, სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციას, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების და სახურავების განახლებას, რეკრეაციული და სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცეების მოწყობას,  სპეციალური ტექნიკის და ნაგავშემკრებების შეძენას,   1 მილიონი  ლარით  კი,  სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დაფინანსდება.

სხდომაზე ცვლილება შევიდა ქუთაისის გენერალური გეგმის კონცეფციის შესახებ #182 განკარგულებაში, რაც ქალაქის ზონებად კლასიფიკაციაში  ცვლილებების შეტანას გულისხმობს.