ოქროპილაურის ციხე მდებარეობს შუახევის მუნიციპალიტეტში. აგებულია მდინარეების ჩირუხისწყლისა  და ტბეთისწყლის შესართავთან, მარცხენა მხარეს, შემაღლებულ კლდოვან მასივზე, რომელიც მარეთისა და უჩამბის ხეობების საკმაოდ ვრცელი მონაკვეთის ვიზუალური კონტროლის შესაძლებლობას იძლეოდა. 

დადგინდა, რომ ციხე დაუმუშავებელი ფილა ქვებითა და კირდუღაბითაა აგებული. მაქსიმალურადაა გამოყენებული პლატოს ტერიტორია და კედლები კლდის გარე კონტურზეა მორგებული. ციხე მცირე ზომისაა და წაგრძელებული ფორმა აქვს. სამი მხრიდან ციცაბო კლდეებითა და ფერდობებით თითქმის მიუდგომელია. მისასვლელი ჩრდილო-დასავლეთი მხრიდან უნდა ჰქონოდა.

გალავნის კედლებს შორის მოქცეული შიდა სივრცე სამ არათანაბარ ნაწილადაა გაყოფილი. კედლების წყობაში შემორჩენილი ოთხკუთხა და წრიული მოყვანილობის საკოჭბე ბუდეების მიხედვით ჩანს, რომ ნაგებობა სამი სართულის მაინც უნდა ყოფილიყო. სათვალთვალო ნიშები  ყველა სართულზე ყოფილა  დატანილი.

ციხე ხანძრის გაჩენის შედეგადაა დანგრეული. ჩაქცეული კედლისა და კერამიკის ფრაგმენტები ნაცრისა და ნახშირის მძლავრ ფენაში (40 სმ-დან 1 მ-მდე) იყო არეული. შემორჩენილ კედლებს აჩნია ძლიერი ცეცხლის კვალი. სამეთუნეო ნაკეთობების ერთი ნაწილი მაღალი ტემპერატურის შედეგად დაწიდებულია. ძეგლზე მხოლოდ განვითარებული შუა საუკუნეებისათვის დამახასიათებელი ქვევრების, ქოთნების, ჯამების სასმისების, კეცების ფრაგმენტებია აღმოჩენილი.

ციხის გარეთ  სამკუთხედისებურად  წაგრძელებულ კლდოვან  მასივზე გამართული ყოფილა წრიული მოყვანილობის თონე, რომლის კერამიკული კედლები  რამდენიმე რიგად განლაგებული წრეებით ყოფილა შემკული. არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად ამ მონაკვეთში  ნაგებობის კვალი არ დაფიქსირებულა. გათხრებისას  აღმოჩნდა ასევე სხვადასხვა თონის კედლის ფრაგმენტები, რომლებიც ვარდულებით, სამკუთხა ჭდეებით, გრძივი ხაზებითა და რომბული ორნამენტებითაა შემკული. ამ მონაპოვრების მიხედვით  ციხესა თუ მის გარეთ მინიმუმ სამი-ოთხი თონე მაინც უნდა ყოფილიყო. ამ მონაკვეთში ქვევრის, კეცის, ჯამისა და ქოთნის ფრაგმენტებიც იყო მიმობნეული.

ძეგლზე  არქეოლოგიური  სამუშაოები აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფინანსებით ჩატარდა (ექსპედიციის ხელმძღვანელი -ტარიელ ებრალიძე).

ინფორმაციას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ავრცელებს.