დღეს, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ზაურ ახვლედიანი ჩხუტუნეთის ციხის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სადაც საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია მიმდინარეობს.
ექსპედიცია ხორციელდება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტისა და სიეტლის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში. პროექტის მიზანია ჩხუტუნეთის ციხე-სიმაგრის არქეოლოგიური კვლევა და მისი ისტორიულ-კულტურული როლის განსაზღვრა.
ამ ეტაპზე უკვე შესწავლილია ციხის შიდა სივრცე, კოშკის ტერიტორია და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის კონსტრუქციები. ზაურ ახვლედიანმა პირადად დაათვალიერა სამუშაოები და განაცხადა სააგენტოს მზაობა, ჩხუტუნეთის ციხის შემდგომი რესტავრაციისა და კონსერვაციის პროცესის მხარდაჭერისთვის.
დღის ბოლოს გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, სადაც ექსპედიციის მონაწილე არქეოლოგებს სერტიფიკატები გადაეცათ.
ინფორმაციას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ავრცელებს.