გადაწყვეტილება მივიღეთ და ვთქვით, ვიღებთ არჩევნებში მონაწილეობას, ეს ნიშნავს, რომ მონაწილეობას ვიღებთ ყველგან, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „ ექვს დიდ ქალაქში ვიომოთ, დანარჩენებში – ბოიკოტი“.
„ჩვენ ასეთ ბოიკოტს არ ვაპირებთ. გადაწყვეტილება მივიღეთ და ვთქვით, ვიღებთ არჩევნებში მონაწილეობას, ეს ნიშნავს, რომ მონაწილეობას ვიღებთ ყველგან. ჩვენთვის არანაირ ლოგიკაში არ ჯდება, რომ თბილისში მცხოვრები ადამიანები იმსახურებენ არაბოიკოტს და ვთქვათ, ხაშურში ან სადმე იმსახურებენ ბოიკოტს“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა, რომელიც ასევე გამოეხმაურა ალეკო ელისაშვილის განცხადების იმ ნაწილს, სადაც ის კანდიდატებზე საუბრობს: „საერთო კანდიდატები, თბილისში სალომე ზურაბიშვილი ლიდერი და ჩვენ მის გარშემო“.
ანა ბუჩუკურის შეფასებით, თბილისის მერობის კანდიდატად სალომე ზურაბიშვილის წარდგენის იდეა რამდენიმე თვის წინ ჰქონდა პარტია „გახარია საქართველოსთვის“.
„სალომე ზურაბიშვილის კანდიდატობის საკითხს რაც შეეხება, რამდენიმე თვის, დაახლოებით 7-8 თვის წინ გვქონდა ჩვენ ეს იდეა, სალომე ზურაბიშვილის წარდგენა თბილისის მერობის კანდიდატად, მაგრამ, რა თქმა უნდა, მისი გადასაწყვეტია. ვიდრე „ლელო“ მიიღებდა გადაწყვეტილებას, ჩვენ ისედაც ნეიტრალური, არაპარტიული კანდიდატების ძებნაზე ვიყავით გადასულნი და „ლელოსთან“ ერთად საერთო კანდიდატებზე გვექნება მსჯელობა. რაც შეეხება კონკრეტულად ელისაშვილის ნათქვამს, მხოლოდ ელისაშვილისგან ვიცი ეს და არ ვიცი, „ლელომ“, როგორც პოლიტიკურმა სუბიექტმა მიიღო თუ არა ეს გადაწყვეტილება. ვგულისხმობ რაღაც გარკვეულ ლოკაციებზე მონაწილეობას და დანარჩენზე ბოიკოტს. მგონი, ეს საბოლოო გადაწყვეტილება არ არის, როგორც ვიცი, მხოლოდ ალეკო ელისაშვილის ნათქვამია. ვისი იდეაც არ უნდა იყოს, დაგიდასტურებთ, რომ ჩვენ ბოიკოტს არსად ვაპირებთ. ჩვენს გუნდს კომუნიკაციის პრობლემა არასდროს ჰქონია. ბევრი ცდილობდა, სხვანაირად წარმოეჩინა, მაგრამ ჩვენ და „ლელოს“ კომუნიკაციის პრობლემა არც მანამდე გვქონია, არც ახლა გვაქვს და არც მომავალში ექნება. კომუნიკაცია გვაქვს ბევრ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
რაც შეეხება ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციას, საკითხთან დაკავშირებით ანა ბუჩუკურმა აღნიშნა, რომ ბოლო დროს აქციის მასშტაბი შემცირდა, რასაც თავისი მიზეზები აქვს.
„სამწუხაროდ, ეს აქცია ბოლო დროს აღარ გამოირჩეოდა ადამიანების მასიურობით, ამას ბევრი მიზეზი აქვს. როგორც ჩანს, ამ ბოიკოტისტებმა, ამ ადამიანებმა კიდევ უფრო შეამცირეს ზომაში პროტესტი, რაც ჩემთვის ძალიან სამწუხაროა და გაუგებარია. რვა პარტიას კი ეძახიან საკუთარ თავს, მაგრამ სინამდვილეში, სამი სუბიექტია“.