ფესტივალის ფარგლებში, 14 ივლისს, დადიანების ისტორიულ არქიტექტურულ მუზეუმში შედგება ჯემალ ჭკუასელისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა, ხოლო 20:00 საათზე, ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრში კონცერტი - ,,ჯემალ ჭკუასელი 90”.
15 ივლისს, 20:00 საათზე, დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება გალა-კონცერტი, რომელშიც უცხოური და ქართული სახელმწიფო აკადემიური და მუნიციპალური ფოლკლორული ანსამბლები მიიღებენ მონაწილეობას.
ღონისძიების წამყვანია საქართველოს ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია.
პოლიკარპე ხუბულავას სახელობის ფოლკლორის V საერთაშორისო ფესტივალი ,,კოლხი და...“ 2019 წელს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის ინიციატივით დაფუძნდა.
ფესტივალის პრიორიტეტია ქართული ხალხური სიმღერების ავთენტურობის და საშემსრულებლო მანერის შენარჩუნება, შემოქმედებითი განვითარება, გამორჩეული ინდივიდუალური შემსრულებლებისა და ანსამბლების გამოვლენა, ფოლკლორის უნიკალური ნიმუშების გაცნობა-პოპულარიზაცია.
ფესტივალის ფარგლებში ყოველწლიურად ეწყობა ღვაწლმოსილი ლოტბარების, ინდივიდუალური შემსრულებლების, ფოლკლორული ანსამბლების ფოტოგამოფენა და ტრადიციული რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.
ინფორმაციას ზუგდიდის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.