პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტზე ბრალდებულს 

"ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“, რომლის რეალიზაციასაც ახორციელებდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება, არაერთგზის) წარედგინა.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 19 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა." - ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში.