ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი გერმანიაში ევროპარლამენტის არჩევნების წინასწარ შედეგებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„წინასაარჩევნო კამპანიის დროს ბევრმა ძალიან ღიად მითხრა, რომ პრობლემა პუტინში კი არ არის, არამედ აშშ-ში, ჩვენს შიდა სადაზვერვო სააგენტოსა და CIA-ში (ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო). აქ რაღაც საშინლად არასწორად წარიმართა“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი.
ის, ასევე ინტერესდება გერმანელი პოლიტიკოსის, სარა ვაგენკნეხტის საარჩევნო კამპანიის ფინანსების წარმომავლობით.
„ასევე მაინტერესებს, რა დაჯდა მისი საარჩევნო კამპანია და ვინ დააფინანსა“, – წერს ფონ კრამონი.
ცნობისათვის, ეგზიტპოლის თანახმად, გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის პარტიამ ევროპარლამენტის არჩევნებში მესამე ადგილი დაიკავა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
გერმანულ მაუწყებელზე, ARD-ზე დაყრდნობით, „დოიჩე ველე“ წერს, რომ ხმათა 29,5%-ით პირველ ადგილი დაიკავა კონსერვატიულმა პარტიამ, 16,5%-ით მეორე ადგილზეა ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“, ხოლო ოლაფ შოლცის პარტიამ, „სოციალ-დემოკრატებმა“ ხმების 14 პროცენტი დააგროვა.
„სოციალ-დემოკრატების“ გარდა, გერმანიის მმართველ კოალიციაში შედის კიდევ ორი პარტია, რომლებმაც ხმების დაბალი პროცენტი მიიღეს. კერძოდ, „მწვანეებმა“ ხმათა დაახლოებით – 12%, „ლიბერალურმა თავისუფალმა დემოკრატებმა“ (FDP) კი 5 პროცენტი მიიღო. შესაბამისად, ევროპარლამენტის არჩევნებში ოლაფ შოლცის კოალიციის სამივე პარტია დამარცხდა.
Nicht nur das: Viele haben mir im Wahlkampf sehr offen gesagt, dass Putin nicht das Problem ist, sondern die USA, unser Verfassungsschutz und der CIA. Hier ist was mächtig schief gelaufen.
— Viola von Cramon 🇺🇦🇪🇺🇮🇱 (@ViolavonCramon) June 9, 2024