სრულიად ბრმა და ყრუ უნდა იყო, ვერ დაინახო ის, რომ ხელისუფლება არღვევს კონსტიტუციის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მოთხოვნას. ასეთ ხელისუფლებას ჰქვია კონსტიტუციის დამრღვევი და კონსტიტუციის დამრღვევი არ შეიძლება იყოს ხელისუფლებაში. კონსტიტუციის დამრღვევმა უნდა აგოს პასუხი , - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
მისი თქმით, კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერი ხელისუფლებას პირდაპირ ავალდებულებს იმას, რომ ყველაფერი გააკეთოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის
„კონსტიტუციის დამრღვევმა უნდა აგოს პასუხი. როდესაც ლაპარაკია მოქმედ ხელისუფლებაზე პასუხისგების მხრივ, პირველ რიგში, ეს არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა და პოლიტიკური პასუხისმგებლობა, როგორც წესი, არჩევნების დროს დგება. ბრმა და ყრუ ვინც არ არის,ის უნდა იყოს ნახევარზე მეტი. ნახევარზე მეტი თუ არ იქნა ბრმა და ყრუ, მაშინ არსებული პოლიტიკური ძალა ხელისუფლებას ვეღარ შეინარჩუნებს“, - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
მისი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ „ხალხის ძალის“ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში შესაძლოა საქართველოს ევროკავშირში წევრობისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მისცენ.
„ყველას გაგვიგია გამოთქმა „ეს იყო ფიალაში ბოლო წვეთი“. ანუ ჩაესხა, ჩაესხა და ბოლო წვეთის გამო გადმოიღვარა. ჩვენ დაახლოებით ასეთ მდგომარეობაში ვართ. რა იქნება ეს ბოლო წვეთი, აღნიშნული კანონი თუ რა, არ ვიცი. ფიალა აშკარად, თითქმის სავსეა“,- განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.