ასეთი სიტყვები წაუმძღვარა ილონ მასკმა მის მიერ X-ზე გაზიარებულ ტვიტს, რომელშიც მომხმარებელი რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს „შოკის მომგვრელ გადაწყვეტილებაზე", არჩევნების გაურკვეველი დროით გადატანაზე, ამით გამოწვეულ ფორიაქზე და რუმინეთის საკრედიტო რეიტინგის ვარდნაზე.
რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, რომელშიც 14 კანდიდატი მონაწილეობდა, ყველასათვის მოულოდნელი შედეგით პირველ ადგილზე პრორუსი პოლიტიკოსი, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ფანი, ნატოს კრიტიკოსი და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის მოწინააღმდეგე (რადგან არ სურს, რომ „რუმინეთი აღმოჩნდეს ჩათრეული კონფლიქტში, რომელთანაც მას საერთო არაფერი აქვს“) დამოუკიდებელი კანდიდატი ქელინ ჯორჯესკუ გავიდა. მან ამომრჩეველთა ხმების 22,94% მიიღო.
მეორე ადგილზე ყოფილი ჟურნალისტი, „რუმინეთის ხსნის კავშირის" თავმჯდომარე, პატარა ქალაქ კიმპულუნგის მერი ელენა-ვალერიკა ლასკონი გავიდა. მან ხმების 19,18% მიიღო და 0,03%-ით (2742 ხმა) აჯობა მესამე ადგილზე გასულ რუმინეთის მოქმედ პრემიერ-მინისტრს, რუმინეთის სოციალ-დემოკრატიული (რომლის თავმჯდომარეც თავადაა) და რუმინეთის ნაციონალ-ლიბერალური პარტიის კანდიდატს, იონ-მარჩელ ჩოლაკუს, რომელსაც ყველა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდა.
რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები მოულოდნელად და სენსაციურადაც კი შეფასდა არა მხოლოდ რუმინეთში, არამედ მსოფლიოში, რადგან არჩევნებამდე ჯორჯესკუ ითვლებოდა პოლიტიკურ აუტსაიდერად და მისგან არავინ ელოდა მნიშვნელოვან შედეგებს, თუმცა, ტიკ-ტოკზე წარმოებულმა მასიურმა სარეკლამო კამპანიამ მას მოულოდნელი გამარჯვება მოუტანა პირველ ტურში. არჩევნების პირველი ტურის შედეგები საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე ორი კანდიდატის შუამდგომლობის საფუძველზე რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილა და ცესკოს ხმების გადათვლა დაავალა, ხმების გადათვლის შემდეგ კი შედეგები ძალაში დატოვა.
პირველი ტურის შედეგებით უკმაყოფილოებმა საკონსტიტუციო სასამართლოსგან საკითხის ირგვლივ კიდევ ერთხელ მსჯელობა მოითხოვეს. მათი მტკიცებით, დემოკრატიული მექანიზმების მიღმა მიმალული რუსეთის ფედერაციის ჩარევის შედეგად რუმინეთში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა და საკონსტიტუციო სასამართლოს ვალი იყო სიიდან რუსეთის მხარდაჭერილი კანდიდატის, პირველ ტურში გამარჯვებული ქელინ ჯორჯესკუს ამორიცხვა. ჯორჯესკუს სიიდან ამოღებას არცთუ ფარულად უჭერდნენ მხარს აგრეთვე აშშ და ევროკავშირის ხელმძღვანელობა. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გააფრთხილა „სერიოზული უარყოფითი შედეგების" შესახებ, თუ რუმინეთი ზურგს შეაქცევს დასავლეთს.
პარასკევს, არჩევნების მეორე ტურის დაწყებამდე ორი დღით ადრე და იმ დროს, როდესაც საზღვარგარეთის უბნებში უკვე მიმდინარეობდა მეორე ტურის ხმის მიცემის პროცედურა, რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა პირველი ტურის შედეგები და არჩევნების ხელახლა ჩატარების შესახებ გამოიტანა გადაწყვეტილება. ახალი არჩევნების შესახებ გადაწყვეტილების მიღება და მისი ვადები კი უნდა განესაზღვრა რუმინეთის ახალ ხელისუფლებას, რომელიც 1 დეკემბერს იქნა არჩეული.
საკონსტიტუციო სასამართლოს სენსაციურმა გადაწყვეტილებამ და გადაწყვეტილების მიღების შემდგომ პერიოდში შექმნილმა გაუგებრობამ არაერთი გამოხმაურება პოვა მთელ მსოფლიოში და ერთ-ერთი ასეთ გამოხმაურება გაიზიარა ილონ მასკმა.
How can a judge cancel an election and not be considered a dictator? https://t.co/Byex53wB96
— Elon Musk (@elonmusk) December 20, 2024
მოგვიანებით მასკის კითხვას, როდის იქნება არჩევნები რუმინეთში, საპრეზიდენტო არჩევნების მონაწილე და პრემიერ-მინისტრ იონ-მარჩელ ჩოლაკუს ძირითად მოწინააღმდეგედ მიჩნეული, საბოლოოდ კი მეოთხე ადგილზე გასული ჯორჯ-ნიკოლაე სიმიონი გამოეხმაურა.
The Romanian government needs to announce the date of the elections, @elonmusk.
— 🇷🇴 George Simion 🇲🇩 (@georgesimion) December 20, 2024
We still don't know, two weeks after the presidential elections were canceled.
From tomorrow, Romania🇷🇴 will have a new Parliament and, very soon, a new government. https://t.co/INkaS3ilLn
რუმინეთის მთავრობამ უნდა გამოაცხადოს არჩევნების თარიღი. საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმებიდან ორი კვირის შემდეგ, ჯერ კიდევ არ ვიცით. ხვალიდან რუმინეთს ეყოლება ახალი პარლამენტი და ძალიან მალე ახალი მთავრობა, - უპასუხა მასკს სიმიონმა.
ილონ მასკის მიე ტვიტის ატვირთვიდან პოსტიდან მცირე ხნის შემდეგ რუმინეთის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომელმაც თავდაყირა დააყენა მანამდე არსებული ოფიციალური ვერსიები საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში რუსეთის ჩარევის შედეგად ქელინ ჯორჯესკუს გამარჯვების თაობაზე.
საიტმა, ახლო მყოფმა იმ არხებთან, რომლითაც საიდუმლო სამსახურების ინფორმაციის გაჟონვა ხდება, გამოაქვეყნა უაღესად სენსაციური ინფორმაცია: არა რუსებმა, არამედ ეროვნულ-ლიბერალურმა პარტიამ გადაიხადა ქელინ ჯორჯესკუს ტიკ-ტოკის მეშვეობით წარმოებული კამპანიის თანხები და რუმინეთის პრეზიდენტმა იოჰანისმა მოატყუა არა მხოლოდ რუმინელები, არამედ ნატოს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარტნიორ უცხოურ ინსტიტუტები. ეს ყველაფერი კი ადვილად შეიძლება სახელმწიფო ღალატთან გაიგივდეს.
ქელინ ჯორჯესკუ მართალი იყო, როდესაც ამტკიცებდა, რომ მას ერთი თეთრიც კი არ გადაუხდია ტიკ-ტოკისთვის. ბრიტანულმა კომპანიამ ეროვნულ-ლიბერალური პარტიის შეკვეა შეასრულა, ადრე არსებული მოდელი გამოიყენა, ტიკ-ტოკზე ნაპეწკალი აანთო, დანარჩენი კი ხალხმა გააკეთა. შეუცნობელია გზანი უფლისანი! - წერს რუმინული მედია და განმარტავს:
საგამოძიებო ვებსაიტმა Snoop-მა შეიტყო, რომ ANAF-მა (რუმინეთის საგადასახადო სამსახური - „აიპრესი") ახლახან დაასრულა გამოძიება, რომლის ფარგლებშიც დაასკვნა, რომ ტიკ-ტოკზე წარმოებული კამპანიის, „ბალანსი და ვერტიკალურობა“, თანხა გადაიხადა ეროვნულ-ლიბერალურმა პარტიამ, - უთხრა Snoop-ს კონფიდენციალურმა წყარომ, რომელიც ჩახედულია ANAF-ის გამოძიების მასალებში. მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია კი დადასტურდა ტიკ-ტოკის FameUp პლატფორმაზე საარჩევნო კამპანიის წარმოებაზე პასუხისმგებელ ინგლისურ კომპანია Kensington Communication-თან Snoop-ის მიმოწერით.
ფირმა ადასტურებს, რომ დაიქირავა ტიკ-ტოკის პლატფორმაზე FameUp პლატფორმაზე სახელის მქონე 130 პირი. ამასთან, ირწმუნება, რომ მის მიერ მოფიქრებულმა ფორმამ განიცადა გარკვეული ცვლილებები და ეს ცვლილებები მათი გუნდისგან არ იყო ნაკარნახები. კერძოდ, კომპანიის მიერ შერჩეული ჰეშტეგი #equilibriumseriousness (წონასწორობა და სერიოზულობა) FameUp პლატფორმაზე შეიცვალა ჰეშტეგით #equilibriumverticality (წონასწორობა და ვერტიკალურობა). Snoop -ის კითხვას, რატომ უხდიდა კომპანია ეროვნულ-ლიბერალური პარტიის ფულს მათ, ვინც მათ დაუკითხავად შეცვალა დეტალები საარჩევნო კამპანიის წარმოებაში, Kensington Communication -მა არ უპასუხა.
მთლიანობაში, კამპანია „წონასწორობა და ვერტიკალურობა", როგორც ეს ნათქვამია CSAT-ის (ეროვნული თავდაცვის უმაღლესი საბჭო - „აიპრესი") გასაიდუმლოებულ დოკუმენტში და არასამთავრობო ორგანიზაციების ექსპერტთა ფორუმის ანგარიშში, შეიქმნა ქელინ ჯორჯესკუსთვის. ტიკ-ტოკზე ცნობილი პირების მიერ წარმოებულ კამპანიას, რომლის ფარგლებშიც ქელინ ჯორჯესკუს აღწერდნენ კოპირებული სცენარით, მისი დასახელების გარეშე (თუმცა, ზოგიერთი კომენტარებში წერდა: მე ხმას ვაძლევ ქელინ ჯორჯესკუს), მაგრამ იმ მახასიათებლებით, რომლებითაც იგი თავის თავს წარადგენდა, 2,4 მილიონი ნახვა ჰქონდა.
კამპანია „ბალანსი და ვერტიკალურობა" იდენტურია კამპანიისა „ძმა ძმისთვის“, რომელსაც რუსეთის ფედერაცია უკრაინაში ატარებს, — ნათქვამია CSAT-ის მიერ გასაიდუმლოებულ ერთ-ერთ დოკუმენტში.
ეროვნულ-ლიბერალურმა პარტიის მიერ დაქირავებული ფირმის მიერ რედაქციისთვის მიწოდებული ინფორმაციის ანალიზი აჩვენებს, რომ FameUp პლატფორმის მომხმარებელთა შორის გავლენიანი პირები იცავდნენ NLP-ის მითითებებს, - წერს Snoop-ი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საიდუმლო სამსახური CSAT-ისთვის წარდგენილ ჩანაწერში ამტკიცებს, რომ გააანალიზა კამპანია #EquilibriumşiVerticalitate, რომელიც საზოგადოებისთვის წარდგენილი იყო როგორც „კამპანია, მიმართული ხმის მიცემის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე“.
ფაქტობრივად, CSAT-ის გასაიდუმლოებული დოკუმენტის მიხედვით, კამპანია #EqilibruşiVerticalitate იყო პოლიტიკური და ტარდებოდა ქელინ ჯორჯესკუს ინტერესებიდან გამომდინარე.
ინიციატორებმა ჩართულ პირებს მიაწოდეს მეთოდები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია პლატფორმა ტიკ-ტოკის პოლიტიკასთან შეუსაბამო შინაარსის მქონე ელემენტების თავიდან აცილება, - ნათქვამია CSAT-ის დოკუმენტში.
ამავე კომპანიამ შექმნა ეროვნულ-ლიბერალური პარტიისთვის ჰეშტეგი #prezidenciale2024, რომელიც გამოჩნდა „ბალანსი და ვერტიკალურობის“ გვერდით. ზუსტად იმავე პლატფორმაზე ჩატარდა ტიკ-ტოკის კამპანია ეროვნულ-ლიბერალური პარტიის მაშინდელი თავმჯდომარის, ნიკოლაე ჩუკას წიგნისთვის.
Snoop-ი აღნიშნავს, რომ CSAT-ის დოკუმენტში არ არის ნახსენები კომპანიის სახელი ან ის ფაქტი, რომ ტიკ-ტოკის კამპანია დაფინანსდა ეროვნულ-ლიბერალური პარტიის მიერ და განმარტავს, რომ ეს ინფორმაცია მან სხვა გზით მიიღო.
ერთ-ერთ ყველაზე უცნაური გარემოება ამ ისტორიაში ისაა, რომ ეროვნულ-ლიბერალური პარტია რუმინეთის სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან ერთად იყო სამთავრობო კოალიციაში, ხოლო აღნიშნულ პარტიათა თავმჯდომარეები, ნიკოლაე ჩუკა და იონ-მარჩელ ჩოლაკუ (რუმინეთის პრემიერ-მინისტრი) საპრეზიდენტო არჩევნებში იყრიდნენ კენჭს.
რუმინული მედიის ვარაუდით, ეროვნულ-ლიბერალური პარტიის „დიდი სტრატეგებს“, რომლებმაც რუმინეთი გადაავსეს „მწერალი ჩუკათი“ და შემდეგ ხელოვანებს აიძულებდნენ მისთვის ოდები მიეძღვნათ, ეგონათ, რომ ამ გზით ისინი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების დიდი შანსის მქონე მემარჯვენე კანდიდატს ჯორჯს სიმიონს წაართვდნენ ხმებს, მის ნაცვლად მეორე ტურში ქელინ ჯორჯესკუ გავიდოდა და მისი დამარცხება ჩუკას არ გაუჭირდებოდა. მათი გათვლა მხოლოდ ნაწილობრივ სწორი აღმოჩნდა: ჯორჯ სიმიონი დამარცხდა, თუმცა რუმინელებს ერთობ დიდი სიმპათიები გაუჩნდათ ტიკ-ტოკზე წარმოებული კამპანიით შეთავაზებული კანდიდატის მიმართ და საბოლოოდ მან არა მხოლოდ სიმიონს, არამედ ჩუკასაც წაართვა ხმები და იგი მეხუთე ადგილზე აღმოჩნდა.
საინტერესოა, რომ აღნიშნულმა ფაქტებმა დღის სინათლე იხილა ქელინ ჯორჯესკუს მიერ სააპელაციო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე პასუხის ბოლო ვადამდე, 23 დეკემბრამდე დარჩენილი ორი დღით ადრე და პრეზიდენტ კლაუს იოჰანსონის კონსტიტუციური ვადის ამოწურვის ბოლო დღეს. საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნები პრეზიდენტის იმ მიმართვის შემდეგ გააუქმა, რომელშიც ამტკიცებდა, რომ მას საიდუმლო სამსახურებმა არჩევნებში უცხო ქვეყნის ჩარევის შესახებ აცნობეს. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არჩევნების გაუქმების შედეგად იგი პოსტზე გაურკვეველი დროით დარჩა, თუმცა რუმინეთის წამყვანი პოლიტიკოსები და რომინეი „ჰელსინკის კავშირი" კონსტიტუციის ასეთ ინტერპრეტაციას არ ეთანხმებიან და მიიჩნევენ რომ იოჰანსონი ზუსტად 5-წლიანი ვადის გასვლისთანავე აღარ შეიძლება იწოდებოდეს პრეზიდენტად, პოსტი კი ახალი პრეზიდენტის არჩევამდე დროებით უნდა დაიკავიოს სენატის თავმჯდომარემ ან დეპუტატთა პალატის თავმჯდომარემ. სიტუაციას შეიძლება ნათელი მოეფინოს დღეს, 1 დეკემბერს არჩეული ახალი დეპუტატების მიერ უფლებამოსილების ცნობის მეორე დღეს. შესაზლოა, რომ პარლამენტარები დაეყრდნონ პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის შესახებ მუხლის მესამე პუნქტს და პრეზიდენტს უფლებამოსილების ვადა ორგანული კანონით გაუგრძელონ, თუმცა, იურისტთა ნაწილი მიუთითებს, რომ ორგანული კანონით ვადის გაგრძელება ომის ან კატასტროფის შემთხვევაშია შესაძლებელი და პარლამენტარებს მოუწევთ შექმნილი მდგომარეობა კატასტროფას გაუთანაბრონ.