თავს პარლამენტად კი არ ვიცხადებთ, მაგრამ სინამდვილეში ლეგიტიმური პარლამენტი ჩვენ ვართ, ისინი არიან არალეგიტიმურები. ჩვენ გველაპარაკება ყველა უცხოელი, რომელიც ჩამოდის, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„ეს არის ოთხი ბარიერგადალახული პარტიის საერთო ფორმატი, სადაც ვმუშაობთ იმაზე, არჩევნები როგორ უნდა ჩავაბაროთ. არჩევნები წესიერად როგორ უნდა ჩატარდეს, უნდა მოამზადოს საბჭომ. საბჭომ უნდა მოამზადოს წინაპირობები და უფრო სოლიდურად უნდა ვჩანდეთ უცხოელის თვალში. ისედაც ძირითადად გაერთიანებულები ვხვდებით ხოლმე უცხოელებს და საერთო პოზიცია გვაქვს ოთხ კოალიციასა და ბარიერგადალახულ პარტიას. ეს საბჭო სალომე ზურაბიშვილსაც გააძლიერებს და პროცესსაც. საბჭოს დებულება დაწერილი გვაქვს. თავს პარლამენტად კი არ ვიცხადებთ, მაგრამ სინამდვილეში ლეგიტიმური პარლამენტი ჩვენ ვართ, ისინი არიან არალეგიტიმურები. ჩვენ გველაპარაკება ყველა უცხოელი, რომელიც ჩამოდის. ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ჩამოდის და ამბობს, რომ პაპუაშვილს და კობახიძეს შევხვდიო, არადა მათიანია ის კაცი, ბიძინას „მესიჯები" გაახმოვანა, მაგრამ მაგ კაცმაც ვერ თქვა, რომ პრემიერს შევხვდი და პარლამენტის თავმჯდომარესო. ასე რომ, ეს საბჭო არ არის პარლამენტი, ეს მოამზადებს წინაპირობებს, რომ მშვიდად მივიდეთ ახალ არჩევნებამდე“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.