თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ მიიღო.

დღევანდელ სხდომაზე, სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმებოს შუამდგომლობა დააყენა. მისი თქმით, პროცესი დასკვნით ეტაპზეა და აღარ არის აუცილებლობა, რომ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით კვლავ პატიმრობა ჰქონდეს შეფარდებული.

ბრალდების მხარე აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა.

ამასთან, მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ გაიზიარა. მოსამართლის თქმით, კვლავ არსებობს ახალი დანაშაულისა და მიმალვის საფრთხეები.

მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ ოთხ პირს – ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული. აღნიშნული საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს, ისინი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებული.