საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა ყოფილი მთავრობის მეთაურისა და ყოფილი ბანკირის გაეღთიანებაზე ჯერჯერობით ვერ შედგა.
მესამე დღეა გიორგი გახარია და მამუკა ხაზარაძე ფიქრობენ გაერთიანდნენ თუ არა. თუმცა, საბოლოო შედეგი არ დამდგარა. როგორც ყოფილმა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მედიასთან თქვა, მამუკა ხაზარაძემ დრო ითხოვა. რამდენად შედეგიანი ინება სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური "მაჭანკლობა" 26 ოქტომბერს გახდება ცნობილი.
"აიპრესთან" საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩის" ლიდერი ვახო მეგრელიშვილი ამბობს, გახარაძე და ხაზარაძე პოლიტიკური გაერთიანება მათ ამომრჩეველს დააკარგვინებს.
- საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილია ფაქტობრივად ევროპულ პარტიებად მხოლოდ ორი პარტია აღიარა. ერთი გახარიას პარტია, მეორე "ლელო" . ფაქტობრივად, პრეზიდენტმა ამომრჩეველს უთხრა - ამ ორ პარტიას მიეცით ხმა.
თქვენ როგორ შეაფასებდით პრეზიდენტის ინიციატივას?
- ჩვენ ძალიან მხარს ვუჭერთ ქალბატონ სალომეს ამ ინიციატივას. ჩვენ გვინდა რომ ის წარმატებით დასრულდეს. არც გავაკრიტიკებთ, ოღონდ კი მან ეს მისია წარმატებით შეასრულოს. ეს ორი პარტია, რომელიც ამომრჩევლისთის დამაბნეველი იყო, გაერთიანდება და კიდევ ერთი კონგლომერატი გახდება. ჩვენ ნაკლებად შეგვიშლიან ხელს.
- ორი პირი, რომელიც ერთმანეთს დაპირისპირებული იყო. ხაზარაძე, რომელიც იყო ბრალდებული, შემდეგ ის სახელმწიფომ დამნაშავედ ცნო. ხაზარაძე გამოდიოდა საკომიტეტო მოსმენაზე, მედიაში და პირდაპირ ხელს ადებდა გახარიას და ამბობდა, რომ ის იყო ბიძინა ივანიშვილის საქმის შემსრულებელი...
- ზუსტად მაგაზე ვლაპარაკობ. ეს ყველაფერი ქართულ პოლიტიკურ სპექტრში რა კატასტროფაც ხდება, მაგას ადასტურებს. ზუსტად მაგიტომ მინდა, რომ ამ კატასტროფამ, ყველამ ერთად მოიყაროს თავი და სათამაშო მოედანზე ხალხი, მაყურებელი არ დაიბნეს ვინ ვინ არის.
- ანუ, თქვენ ამბობთ რომ პრეზიდენტის ინიციატივა გახარია - ხაზარაძის გაერთიანებაზე ამომრჩეველ კი არ მოიზიდავს, დაკარგავს?
- არ ვიცი დაკარგავს თუ არა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში "ქართული ოცნებით" განხიბლული ამომრჩეველი, რომელიც სინამდვილეში ეძებს... სინამდვილეში მან "გირჩი" უნდა დაინახოს.
მაგალითად, გახარია რაღაცა გაგებით ჩვენთვის პრობლემა იყო.
იმიტომ რომ სხვა ტიპის პოზიციონირება ჰქონდა. რომ "ნაცები" არ იყვნენ, "ქართველი ოცნების" ამომრჩევლისთვის ვინც შეხედავდა ეს პარტია იქნებოდა... აქედან გამომდინარე მგონია რომ ამ ვითარებაში მათი გაერთიანება რეალურად რაღაცა თვალსაზრისით თავის ამომრჩეველს დააკარგვინებს"
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს.
17 სექტემბერს, სალომე ზურაბიშვილის პრესსასამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, " ხვალ, ორბელიანების სასახლეში 15:00 საათზე, პრეზიდენტი ელოდება ,,ძლიერი საქართველოს" და ,,გახარია საქართველოსათვის" წარმომადგენლებს"
განცხადებამდე პრეზიდენტმა ბრიფინგი გამართა და განაცხადა:
"ახლა საჭიროა კიდევ ერთი რამ, ოპოზიციური ამომრჩევლისათვის არჩევანი კიდევ გავამარტივოთ. პოზიტიური მესამე ცენტრი, რომელსაც ელოდება გადაუწყვეტელი ამომრჩეველი და რომელსაც უნარი აქვს საზოგადოებაში სრული მობილიზაციისთვის საჭირო მუხტი გააჩინოს.
მე ამისი მჯერა და ამიტომ მონაწილეობა მივიღე ყველასთან კონსულტაციებში და მზად ვარ, როგორც ნეიტრალური მხარე ამ პროცესს ხელი შევუწყო. გადაწყვეტილება კი, ორი პროევროპული ძალის, ერთი მხრივ, გაერთიანება „ძლიერი საქართველოს“ და მეორე მხრივ, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ხელშია.
ვიმედოვნებ, რომ ქვეყნისთვის ესოდენ მნიშვნელოვან ეტაპზე შეძლებენ, გადადგან ის ნაბიჯი, რომელიც ამომრჩეველს მეტ სიცხადეს, მეტ გარკვეულობას და მეტი ძალის განცდას მისცემს." - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
რასაც "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში უპასუხა: "მე გამოვთქვი მზადყოფნა, ვისაუბრო გიორგი გახარიასთან ამ თემაზე თუ ეს ქვეყანას გამარჯვებას მოუტანს"
დღეს კი ხაზარაძემ ახალი განცხადება გაავრცელა სოციალურ ქსელში. სადაც აცხადებს გახარიასთან შეხვედრა ერთი-ერთზე სამწუხაროდ დღეს ვერ ხერხდება, პრეზიდენტს მას შემდეგ შევხვდებით, თუ გვექნება ერთობლივი მუშაობის შესახებ ხედვა
გუშინ, მამუკა ხაზარაძე და გიორგი გახარია ორბელიანის სასახლეში მისვლამდე ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ.
პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ მოლაპარაკება არ დაგვიმთავრებია, არის ტექნიკური საკითხები, ავიღეთ პაუზა
ყოფილმა პრემიერმინისტრმა კი განაცხადა: ჩვენი მხრიდან ყველაფერი ნათელია, პოზიცია დაფიქსირებულია, ხაზარაძემ ითხოვა კიდევ ერთი დღე
ასევე, გიორგი გახარიას თქმით, ბევრი ადამიანი იქნება მამუკა ხაზარაძის გუნდში, რომელიც გახარიას დაუძახებს თვალთხარიას და ბევრი ადამიანია ჩვენს გუნდში, რომელიც ხაზარაძეს დაუძახებს მევახშეს - და მერე რა?!
ავტორი ირმა მესხია