„ვფიქრობ, რომ ეს მოთელვითი შეხვედრა და გარკვეულწილად პოზიციების გაცვლა-გამოცვლის შესაძლებლობაა და სხვა არაფერი. რამდენად ექნება მას გაგრძელება, თუ ეს იქნება კომიტეტების ფარგლებში გაგრძელებული მუშაობა, ესეც ამ ეტაპზე არც თუ ისე მკაფიოა. ჩემი განწყობის მიუხედავად, რომ დიდად შედეგიანად ეს შეხვედრა არ დასრულდება, მაინც ვფიქრობ, რომ საუბარი ყოველთვის ჯობია. მით უფრო იმ ფონზე, რომ გარკვეულ კითხვებზე პასუხები მივიღე და გარკვეული დაპირებებიც ამ რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით, თუნდაც საპარლამენტო ზედამხედველობასთან დაკავშირებით, იმ ნაწილზე, რაც მთავრობის აღსრულების ვალდებულებაა“, - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „რეფორმების ჯგუფის“ წევრმა თეონა აქუბარდიამ ევროკავშირის 9 რეკომენდაციაზე პარლამენტში სამუშაო შეხვედრასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, არის ფუნდამენტური საკითხები, მათ შორის მართლმსაჯულების რეფორმა, საარჩევნო თუ ანტიკორუფციული რეფორმა, სადაც “ქართულმა ოცნებამ” რეალური ცვლილებებისთვის პოლიტიკური ნება უნდა გამოიჩინოს.
„რაც არ მომხდარა შარშან და პოლიტიკური ნებიდან გამომდინარე შეუსრულებელი რეკომენდაციები იყო, მოლოდინი არ მაქვს, რომ წელს მოხდება, მით უფრო, რომ საარჩევნო წელია და “ქართული ოცნების” ნომერ პირველი ამოცანა ძალაუფლების შენარჩუნებაა“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.