საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შენახვის, ანგარების მოტივით უკანონოდ გავრცელების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომლებიც ყალბი „ფეისბუქ“ გვერდით სარგებლობდნენ, დაზარალებულისგან მოიპოვეს მისი პირადი ცხოვრების ამსახველი, ინტიმური ხასიათის ფოტო და ვიდეომასალა, რომლის გავრცელების მუქარით, დაზარალებულს მათთვის 1000 ლარის გადაცემა მოსთხოვეს. უარის მიღების შემდეგ კი დაზარალებულისთვის პატივის და ღირსების შელახვის მიზნით, აღნიშნული ფოტო და ვიდეომასალა სოციალური ქსელ “ფეისბუქის" აპლიკაცია “მესენჯერის” მეშვეობით უკანონოდ გაავრცელეს და დაზარალებულის ოჯახის წევრებს და ნაცნობებს გაუგზავნეს. შედეგად დაზარალებული აღმოჩნდა მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით (გამოძალვა, ჯგუფურად), 157-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვა და გავრცელება სოციალური ქსელის მეშვეობით, ჩადენილი ანგარებით) და 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (თვითმკვლელობამდე მიყვანა მსხვერპლისადმი მუქარით და სასტიკი მოპყრობით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა." - ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში.









