თავს ვალდებულად მივიჩნევ, ვიყო შეხვედრაზე, მოვისმინო და გავაგებინო მოქალაქეებს, რა ვითარებაა. ეს არის შესაძლებლობა და ამ შესაძლებლობაზე უარს ნამდვილად არ ვიტყოდი. ოპოზიციის მხრიდან არ იყო სწორი სამუშაო ჯგუფებში არჩართვა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში სამუშაო შეხვედრის თაობაზე განაცხადა.
აქუბარდიას თქმით, თავის დროზე, ოპოზიციის ნაწილი ჩართული იყო სამუშაო პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ მათი მოსაზრებები საერთოდ არ იქნა გაზიარებული.
თეონა აქუბარდიას შეფასებით, აუცილებელია, ამ პროცესში მონაწილეობა და ადგილზე პოზიციის გამოხატვა.
„9 რეკომენდაციის შესრულების გეგმაში, რომელიც ევროკავშირში გაიგზავნა, სამუშაო ჯგუფებზე არის აქცენტი პარლამენტის მიერ გასაკეთებელ რეფორმებთან დაკავშირებით, მაგრამ ვნახეთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უარი განაცხადა სამუშაო ჯგუფებთან დაკავშირებით. აქეთ ამუნათებს ოპოზიციას, თურმე კერპთაყვანისმცემლები ვართ და სამუშაო ჯგუფები პანაცეა არ არის. შეხვედრა, რომელიც იმართება, არის არა სამუშაო ჯგუფის, არამედ სამუშაო შეხვედრა, რათა მოვისმინოთ, როგორ ხედავს „ქართული ოცნება“ ამ პროცესს, მიუხედავად იმისა, „ქართულმა ოცნებამ“ გეგმაში რა ჩაწერა. ასევე, ვისაუბროთ ზოგადად ყველა იმ რეფორმაზე, რომელიც პარლამენტის გასაკეთებელია, მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად, ანტიდასავლურ პროპაგანდასთან მიმართებაში, რომელიც პირველი რეკომენდაციაა, სადაც წერია, რომ კონკრეტული სტრატეგია იქნება მისი წამალი, ვერ ვხედავ ხსნას, რადგან თავად შალვა პაპუაშვილმა წელი დაიწყო დასავლური თავდასხმებით, რაც ვფიქრობ, პირველი რეკომენდაციის წინააღმდეგ სვლა არის. რაც შეეხება ჩართულობას, მიუხედავად იმისა, რომ რეკომენდაციების შესრულებაში სამოქალაქო სექტორის როლზე თავად ევროკავშირი საუბრობს, გარკვეულწილად მოხდა გამოხშირვა არასამთავრობო სექტორის და მთავარი, რაც გეგმაში წერია, არის აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმის ფარგლებში, რომელთანაც მემორანდუმი გააფორმა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შესაბამისად, ჩემთვის გასაკვირი არ არის, რომ მნიშვნელოვანი ავტორიტეტული ორგანიზაციები სამოქალაქო სექტორიდან ამ შეხვედრას არ ესწრებიან, რაც ვფიქრობ, რომ არის პრობლემა. გარკვეულწილად ხდება სამოქალაქო სექტორის წრის დავიწროება, მათ შორის ის ორგანიზაციები, რომლებიც პარლამენტთან სხვა შეხვედრებს ესწრებოდნენ, დღეს არ იქნებიან. ეს არის მნიშვნელოვანი პრობლემა, თუ ვსაუბრობთ სამოქალაქო სექტორის ჩართულობაზე. რაც შეეხება პოლიტიკურ ნებას, სიმართლე გითხრათ, სკეპტიკურად ვარ განწყობილი. ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ არ გააკეთა, მაგალითად, მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით, წელს რატომ უნდა გააკეთოს, არ ვიცი. მით უფრო იმ ფონზე, რომ ვენეციის კომისიის დასკვნაზე თავად ამბობდნენ, რომ ამას არ იზამდნენ. ამ მოცემულობაში ჩემთვის საინტერესოა, ზოგადად, რა პოზიცია აქვს „ქართულ ოცნებას“ და საერთოდ, რამის გაკეთებას აპირებს თუ არა. არც ის ვიცით, შეხვედრები გაგრძელდება თუ არა ან რა ფორმატში. ამიტომ ეს არის მოთელვა პროცესის და შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გადაწყვიტოს, რა ფორმატში ან საერთოდ გააგრძელებს თუ არა მუშაობას, თუ პირდაპირ კომიტეტზე მზა კანონპროექტებს გამოიტანს“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
პარლამენტში ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა დილიდან მიმდინარეობს.