ჩორჩანას საკითხზე ყოველდღიურად ვხედავთ სპექტაკლებს, რომლებიც აზიანებს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. ფინანსთა ყოფილ მინისტრს, ივანე მაჭავარიანს რა თემაზე იბარებენ, არ ვიცი, ალბათ ჩორჩანის თემაზე, თუმცა შესაძლოა, სხვა საკითხებზეც დაუსვან კითხვები. ვნახოთ, როდესაც ის გასცემს პასუხებს, შემდეგ გვეტყვის, რა თემებით იყო დაინტერესება. – ამის შესახებ პარტიის „გახარია – საქართველოსთვის“ წევრმა, ტატა ხვედელიანმა განაცხადა.
"გუშინ საქართველოს ე.წ. პრემიერ-მინისტრი ძალიან ღიმილის მომგვრელი იყო, კაცი, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ნამყოფიც არ არის, ჩვენს ქვეყანაში გავრილოვი ჩამოიყვანა და საქართველოს ისტორიულ პარლამენტის შენობაში, პარლამენტის თავმჯდომარის სკამში ჩასვა, ზის ეთერში და ღიად საუბრობს ჩორჩანის თემაზე, აზიანებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ღიად ოკუპანტების პოლიტიკის გამტარებელი ხდება“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.
მისი თქმით, „ოცნება“ მზადაა, ქვეყნის ინტერესების დაზიანებითაც კი განახორციელოს გეგმა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე დააანონსა და გაგრძელდა გიორგი გახარიაზე თავდასხმით.
„მთავარია საგუშაგოს კონტექსტში გიორგი გახარიას მიერ გადადგმული ნაბიჯები. პირველ რიგში, ის ემსახურებოდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ვხედავთ, რომ გამოკითხული ადამიანები, ვინც იყვნენ საგამოძიებო კომისიაზე, ჩორჩანის მკვიდრები არ იყვნენ. ვხედავთ, ყველა განცხადება, გადადგმული ნაბიჯი აზიანებს ჩვენს ქვეყანას. „ოცნება“ მზადაა, ამ ინტერესების დაზიანებითაც კი განახორციელოს საკუთარი გეგმა, რომელიც ივანიშვილმა არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე „იმედის“ ეთერში დააანონსა და გაგრძელდა გიორგი გახარიაზე თავდასხმით. ჯაჭვური რეაქციაა და, საბოლოოდ, ესაა პოლიტიკური შურისძიების აქტი, რომელიც დაანონსდა და მიმდინარეობს არჩევნების შემდეგ“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.
ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შს ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედების შესწავლა დაიწყო.
"ჩორჩანას საქმეზე" საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი და ჩორჩანას მკვიდრი ელგუჯა ხარაზიშვილი გამოიკითხა.
გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდა, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვახტანგ გომელაური. ასევე საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი ალექსანდრე ტაბატაძე. რომელიც იმ პერიოდი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე იყო. ასევე პარლამენტის ყოფილი წევრი კახა კახიშვილი. ის 2019 წელს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო.
ასევე, გამოკითხვაზე იყო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი მაია ცქიტიშვილი
2025 წლის 14 ივნისს გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება. სადაც ნათქვამია:
"საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19, 318-ე მუხლის მეორე ნაწილით, 319-ე და 321პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სხვა საკითხებთან ერთად შესწავლის საგანს წარმოადგენს 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედება.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით დაბარებულ იქნა ვახტანგ გომელაური, რომელიც 2019 წლის აგვისტოს მდგომარეობით იკავებდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციას.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებული საეჭვო გარემოებების შესწავლა ასევე მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ფორმატში, სადაც განმარტების მისაცემად იმყოფებოდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.
საქმეზე გრძელდება გამოძიება, რომლის მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას." - ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში