აკუსტიკური იარაღი, აეროზოლური მოწყობილობა, ე.წ.წიწაკის სპრეი და ელექტროშოკური მოწყობილობა მიეკუთვნება იარაღთა კატეგორიას, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ საკანონმდებლო ცვლილებებზე საუბრისას.

ალექსანდრე დარახველიძის თქმით, თითოეული ამ საშუალების არსებობა, მათი დანიშნულება, გამოყენების წესები „იარაღის შესახებ“ კანონით არის განსაზღვრული.

„სამწუხაროდ, დღეს არსებული კანონმდებლობით, მათი შეძენა ნებისმიერ ადამიანს ყოველგვარი წინასწარი შეთანხმების, წინასწარი შესწავლის გარეშე შეუძლია. მათ შორის, შეუძლიათ მცირეწლოვან ბავშვებსაც. არაერთი შემთხვევა გვაქვს სკოლებში, როდესაც გაზის აეროზოლური მოწყობილობის გამოყენება ხდება. ასევე, არაერთი შეტყობინება მიგვიღია, როდესაც მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა კონკრეტულმა პირმა ქუჩაში და ამ დროს რეალურად ვხვდებით, რომ ფუჭი ვაზნებია გასროლილი და ეს არის აკუსტიკური იარაღი. ასევე, ელექტროშოკური მოწყობილობა, რომელიც ევროპის თითქმის უმრავლეს ქვეყანაში აკრძალულია, მათი გამოყენება. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა, რომ თითოეულ ამ საშუალებასთან დაკავშირებით არსებული კანონმდებლობა მოწესრიგდეს, რომელიც წლებია არ გადახედილა და მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა პოლიციისთვის“, - აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.

ცვლილებების თანახმად: ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღი, რომელიც კონსტრუქციულად დამზადებულია მხოლოდ ხმოვანი (ფუჭი) ვაზნის სასროლად და გამოიყენება თეატრალურ წარმოდგენაში, კინოჩვენებაში, სატელევიზიო ჩვენებაში, ისტორიულ რეკონსტრუქციაში, აღლუმსა და სპორტულ ღონისძიებაში მისი საქართველოში შემოტანა დაექვემდებარება ნებართვას. მოქალაქის მიერ ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის შეძენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს წინასწარი წერილობითი თანხმობის (ცნობა) წარდგენის საფუძველზე. ამასთან, ძალაში რჩება მოქმედი ნორმები, რომლითაც ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის გადატანა-გადაზიდვა ან გადაგზავნისთვის მხოლოდ პოლიციის მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე უშვებს; გარდა ამისა, პოლიციას ენიჭება უფლებამოსილება დაადგინოს აკუსტიკური იარაღის შეძენაზე შეზღუდვები, როგორც რაოდენობის, ისე შეძენის პერიოდულობის კუთხით; გაზის აეროზოლური მოწყობილობის (წიწაკის სპრეი) იმპორტი დაექვემდებარება ნებართვას; გაზის აეროზოლური მოწყობილობის (წიწაკის სპრეი) შეძენა შესაძლებელი იქნება 18 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის, შსს-ს ტერიტორიული ორგანოს წერილობითი თანხმობის (ცნობა) წარდგენის საფუძველზე; გარდა ამისა, ელექტროშოკური მოწყობილობა აიკრძალება სამოქალაქო ბრუნვაში. მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოები ან კერძო დაცვითი ორგანიზაციები, საკუთარი უფლებამოსილების შესასრულებლად, შეძლებენ ელექტროშოკური მოწყობილობის შემოტანას და გამოყენებას.