„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ხელწერა უცვლელია. ისინი „ბულინგს“ და დისკრედიტაციას, როგორც კარგად გამოცდილ მეთოდს, ისე იყენებენ, - ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ „ხალხის ძალის“ წევრმა თამთა მეგრელიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ბოლო პერიოდში, თვალსაჩინო გახდა ლიბერალური ფაშიზმი, „ნაცმოძრაობისა“ და მათი მხარდამჭერების მხრიდან ოპონენტების მიმართ, რაც ბულინგსა და დისკრედიტაციაში გამოიხატება.
„მათი მხრიდან განსხვავებული აზრის ტოტალური დისკრედიტაცია, რა თქმა უნდა, არის ნაციზმი. სხვაგვარად ვერ აიხსნება მათი მოთხოვნები. მაგალითად, დავით კაჭარავას შემთხვევაში მათ გააგზავნეს ფედერაციაში წერილი, რომ ის აღარ უნდა იყოს მისი წევრი. ასევე იუნესკოს ელჩის, ელისო ბოლქვაძის წინააღმდეგ იუნესკოს მისამართით წერილი გაიგზავნა. ასევე ჩვენ ვნახეთ ძალიან მძიმე შემთხვევა, როდესაც პედაგოგმა მცირეწლოვანი ბავშვი „დააბულინგა“ მხოლოდ იმიტომ, რომ მისი მშობელი არ არის „ნაცი“. ყველაფერი ეს თავს უყრის და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს „ნაციონალური მოძრაობის“ ჩვეულ ხელწერას, რომ მათთვის მიუღებელია ყველა ის ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად განსხვავებულად ფიქრობს და განსხვავებული პოლიტიკური გემოვნება გააჩნია. მეთოდი, რომელსაც ეს ადამიანები იყენებენ, არის თითოეული ჩვენგანის ტოტალური დისკრედიტაცია და ნაციზმი. „ხალხის ძალის“ თითოეული წევრის „ბულინგი“ მიდიოდა, მაგრამ ჩემი შვილიც იყო „ბულინგის“ მსხვერპლი და ეს არ არის ერთეული შემთხვევა - პირდაპირ გადმოდიან შეტევაზე და პერსონალურად გვეხებიან. ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენ მიერ შეთავაზებულმა კანონპროექტმა ფარდა ახადა იმ რეალობას, რომელიც იყო და დღესაც არის ქართულ სახელმწიფოში; ფარდა ახადა ყველა იმ „ბოლშევიკს“, რომელიც პოლიტიკურ ხელწერად ბრძოლის ამ მეთოდს იყენებს,“ - განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.