აფხაზეთზე დისკუსიისას ამ დისკუსიის ფუნდამენტური პრობლემა გამოიკვეთა.
ძალიან ნათლად გამოჩნდა, რომ ჩვენ შეთანხმებულები არ ვართ მთავარზე - ვინ არის აფხაზეთის ომის მხარე.
მეგობრებო, აფხაზეთში ომს, ისევე როგორც ყველა ომს, რაც საქართველოს ტერიტორიაზე ვნახეთ, ჰყავს ორი მხარე - რუსეთი და საქართველო. - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი, "ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"აფხაზური მხარე დამოუკიდებლად არ არსებობს.
არსებობენ კოლაბორაციონისტი ეთნიკურად აფხაზები, ვინც საქართველოს დანაწევრებაში და ქართველების ეთნიკურ წმენდაში იბრძოდა რუსეთის მხარეს.
მაგრამ რუსეთთან კოლაბორაციონიზმი მათ დამოუკიდებელ მხარედ არ აქცევს.
მხარე იყო და არის რუსეთი და საქართველოს ეთნიკურად აფხაზი მოსახლეობის ნაწილი, იბრძოდა და დგას რუსეთის მხარეს.
ამის დასტურად, კიდევ ერთხელ ვდებ აფხაზეთის ომში მონაწილე რუსული სამხედრო და საბრძოლო შენაერთების სიას.
ამის დასტურად გამოვიძიეთ რუსი სამხედრო მაღალჩინოსნები, რომლებიც ქართველების გენოციდს და ეთნიკურ წმენდას ხელმძღვანელობდნენ გუდაუთის ბაზიდან.
ცალკე საკითხია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკურად აფხაზები, რომლებმაც რუსეთთან ითანამშრომლეს ქართველების ეთნიკურ წმენდასა და საქართველოს დანაწევრებაში, ერთიანი საქართველოს მოქალაქეები უნდა იყვნენ და მათი ინტეგრაცია მნიშვნელოვანი საკითხია ქართული საზოგადოების სიჯანსაღისთვის, მშვიდობისთვის და კეთილდღეობისთვის.
ანუ ერთია ეთნიკურად აფხაზების ინტერესების გათვალისწინება, იმისთვის რომ ჯანსაღ საზოგადოებად შევდგეთ სადაც ყველა მოქალაქეს, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა აქვს თავისუფლება, სიცოცხლის და ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლება.
მაგრამ მეორეა, ტყუილზე მსჯელობის აგება, თითქოს რუსეთის გარდა, კიდევ არსებობს რაღაც მხარე.
არ არსებობს აფხაზური მხარე.
არსებობს რუსული მხარე და მასთან კოლაბორაციონისტი ეთნიკურად აფხაზები.
სანამ ამ ჭეშმარიტებაზე შეთანხმება არ მოხდება და კონსენსუსი არ გაფართოვდება, მანამდე ნებისმიერი დისკუსია უთანხმოებისთვის განწირული იქნება, იმიტომ რომ მთავარზე ვერ ვთანხმდებით.
ამიტომ მიმაჩნია უპირველესი ეროვნული მნიშვნელობის საკითხად რუსეთის მიერ ქართველების გენოციდის აღიარების კამპანია და რუსეთის როლის შეფასება.
ამიტომ მიმაჩნია ქართველი ხალხის ინტერესების მოღალატედ ყველა მედია, რომელიც ამ თემას ჩქმალავს, იმიტომ რომ მათი პატრონის მონები არ ვართ და ჩვენი წინსვლით, მათი პატრონი კრედიტს ვერ მიიღებს. - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.