თუკი რამეს გამოძიება სჭირდება, არის „ედისონ რისერჩის“ კვლევა, რომელმაც ამ არჩევნებზე შეასრულა 2020 წელს ISFED-ის როლი", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვიულმა დღეანდელ ბრიფინგზე განაცხადა და განმარტა, რომ ოპოზიცია ნაბიჯ-ნაბიჯ, სკურპულოზურად, ზუსტად მიჰყვება იმ სცენარს, რაც ასახული იყო „მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიშში.

„ზუსტად ანგარიშშია, რომ არჩევნების ლეგიტიმურობის მიუხედავად, მაინც იქნება პროტესტი და ამ პროტესტის დროს მნიშვნელოვანია ხელისუფლების ქცევა და არა პროტესტანტების ქცევა. ჩვენ ვნახეთ უკვე გუშინ განცხადებები სხვადასხვა უცხოელი აქტორისგან, რომელიც ამბობს, რომ პროტესტი იქნება, ხელისუფლება უნდა იყოს თავშეკავებული და თურმე არა ისინი, ვინც აქციაზე გადიან. თურმე მათთვის შეიძლება ძალადობისთვის გზაც ხსნილი იყოს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ვნახეთ ახლა, ბოლო აქციების დროს თავდასხმა საქართველოს პარლამენტზე, პირდაპირ შეტევა და შტურმი საქართველოს პარლამენტზე, რომლის შედეგადაც, მათ შორის შენობა დაზიანდა. როგორ წარმოგვიჩინეს? როგორც მშვიდობიან პროტესტად, აბსოლუტურად ურცხვად. რაც შეეხება ანგარიშს, შეგახსენებთ, რომ ეს ანგარიში შედგენილია ქალბატონი ლორა თორნტონის მიერ, რომელიც საქართველოში დიდი ხნის განმავლობაში NDI-ს ხელმძღვანელობდა და შეგიძლიათ ნახოთ, NDI-ს მაშინდელი კვლევები რა იყო არჩევნებთან დაკავშირებით და როგორ იყო აცდენილი რეალურ შედეგებს. ამასთან, ზუსტად ახლა, ამ არჩევნებზე ქალბატონი ლორა საკუთარი სოცმედიის საშუალებით ავრცელდებდა დეზინფორმაციას იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ეგზიტპოლსა და ცესკო-ს შედეგებს შორის აცდენა აჩვენებდა, რომ ცესეკო-მ გააყალბა არჩევნები. ამ ნარატივს ავრცელებდა ქალბატონი ლორა თორნტონი. უცხოელი მკითხველისთვის პირადად ავრცელებდა ამ განცხადებას, რომ ეს აცდენა უჩვენებდა, 1000%-იანი მტკიცებულება იყო გაყალბების. სიტყვა სიტყვით ამას ამბობდა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, გამოძიება თუ რამეს სჭირდება, სჭირდება „ედისონ რისერჩის“ კვლევას იმასთან დაკავშირებით, რატომ გააყალბეს შედეგები.

„ხომ ფაქტია, რომ შედეგები არის გაყალბებული და ახლა საინტერესოა, რა დგას ამის უკან. ამის უკან დგას პოლიტიკური კორუფცია, ამის უკან დგას ფულით კორუფცია, თუ რა. ეს რომ უბრალო შეცდომა არ არის, ყველასთვის გასაგებია. ამიტომ თუკი რამეს გამოძიება სჭირდება, არის „ედისონ რისერჩის“ კვლევა, რომელმაც ამ არჩევნებზე შეასრულა 2020 წელს ISFED-ის როლი. მაშინ პარალელური დათვლის შედეგების აცდენით უნდა შეეტანათ საზოგადოებაში მღელვარება და არეულობა, თითქოს ცესკო-მ გააყალბა შედეგები და ახლა „ედისონ რისერჩი“ ასრულებდა ამ როლს, რომ ეგზიტპოლსა და ცესკო-ს მონაცემებს შორის განსხვავების გამო, ხალხი აღელვებულიყო. ოღონდ, ჩვენ ვნახეთ, რომ ხალხი უკვე ბრძენია და ამ საკითხზე რეაქცია აღარ ჰქონდათ, მიხვდნენ, რომ ეს იყო სიყალბე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.