25 ნოემბერს პარლამენტი შეიკრიბება და ცნობს უფლებამოსილებას. პირველი დღე გაწერილია თავად რეგლამენტში, თუ რა ხდება ამ დღეს. ეს არის 150 პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობა, შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის და მისი მოადგილეების არჩევა, კომიტეტის თავმჯდომარის არჩევა და კომიტეტების ფორმირება, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა.“
„სალომე ზურაბიშვილი კვლავ არღვევს კონსტიტუციას, რომ არ ნიშნავს პარლამენტის სხდომას, თუმცა კონსტიტუცია ითვალისწინებს ასეთ გარემოებასაც და ამბობს, რომ პარლამენტი მე-10 დღეს ყველა შემთხვევაში მართავს სხდომას და ასეც მოხდება ხვალ.
მე უკვე მოვიწვიე საქართველოს მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლები, საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლები პირველ სხდომაზე დასასწრებად. რაც შეეხება დიპლომატიურ კორპუსს, ისინი მოწვეული არ არიან. ვნახეთ სამწუხარო გარე ჩარევები ამ წინასაარჩევნო პროცესში და მნიშვნელოვანია ამ მხრივ, რომ ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გააცნობიეროს, რომ ეს არ არჩევნები არ არის საერთაშორისო მოვლენა, ეს არის შიდასახელმწიფოებრივი საკითხი", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მან ახლად არჩეულ პარლამენტში ოპოზიციის შესვლის თემაზეც ისაუბრა.
„ან უარი თქვან მანდატებზე და ამით დაინგრიონ საკუთარი თავი და პოლიტიკური გუნდი, ან არ თქვან უარი საკუთარ მანდატებზე და ამით დაიმცირონ თავი, ვინაიდან მათ ისევე როგორც სხვა დროს, ხმამაღლა დადეს პირობა, რომ მანდატებზე უარს იტყოდნენ. თუ აღმოჩნდება, რომ ისინი ამ შემთხვევაში თავის მხარდამჭერებს კიდევ ერთხელ მოატყუებენ, ეს რა თქმა უნდა იქნება ის ტყუილი, რომელსაც მისი მხარდამჭერებიც აღარ აპატიებენ", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
მან ოპოზიციის აქციაზე ევროპელი პოლიტიკოსების გამოსვლაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ეს სხვა სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევა იყო.
„ევროპელი პოლიტიკოსების გამოსვლა ანტისახელმწიფოებრივ მიტინგზე, სხვა არაფერია თუ არა სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა, რაც აკრძალულია გაეროს წესდებით. ჩვენ ვნახეთ, რომ იყო პირდაპირი მოწოდებები მათ შორის შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენლისგან, რომ არ იყო საკმარისი მუხტი და საჭირო იყო მაიდანის სცენარის გახსენება.
ევროკავშირს აქვს დიპლომატიური მისია საქართველოში, რომელიც დიპლომატიურიც არის, პოლიტიკურიც, ტექნიკურიც და ყველანაირი. თუ რაიმე სჭირდებათ დამატებითი ცნობა, ინფორმაცია, ან შეფასება, მათ ამისთვის აქვთ დიპლომატიური მისია და შეუძლია მისი მეშვეობით ნებისმიერ საკითხზე ინფორმაცია მიიღოს", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შალვა პაპუაშვილმა აქვე პარლამენტის რეგლამენტით გაწერილი პროცედურა განმარტა.
„პირველივე კვირაში ჩვენ განვიხილავთ მთავრობის შემადგენლობას და ნდობას გამოვუცხადებთ მთავრობას, ასევე პირველივე კვირას ჩვენ ჩავნიშნავთ პრეზიდენტის არჩევის დღეს. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია წელს პირველად იქნება პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევა საარჩევნო კოლეგიის მიერ, რომელიც შედგება 150 დეპუტატისგან, ასევე აფხაზეთის და აჭარის უმაღლესი საბჭოების წარმომადგენლებისგან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისგან. ჯამში 300 წევრისგან შემდგარი კოლეგია აირჩევს პრეზიდენტს.
პარლამენტის მუშაობისთვის ხელის შეშლა და მისი ბლოკირება აკრძალულია, ყველას შევახსენებ კიდევ ერთხელ. რომ მოხდეს ბლოკირება საქართველოს პარლამენტის, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ვისაც სურს პროტესტის გამოთქმა, ეს რა თქმა უნდა მათი ნებაა ჩვენ დემოკრატიული ქვეყანა ვართ და მათ ამის სრული უფლება აქვთ, თუმცა ძალადობა არც ქართული კანონმდებლობით არის დაშვებული და ევროპულ ღირებულებებსაც ეწინააღმდეგება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.