ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიში მნიშვნელოვანი იყო, რომელიც შეეხებოდა როგორც მიმდინარე წელს და მის შედეგებს, ასევე ათწლიანი პერიოდის შეჯამებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ანგარიშით კარგად გამოჩნდა, რა მიღწევები აქვს საქართველოს.
„პრემიერის ანგარიშით ძალიან კარგად გამოჩნდა, რა მიღწევები აქვს საქართველოს ბოლო დეკადის განმავლობაში. ჩვენ ვართ მოწინავე ქვეყანა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროკავშირის წევრ ბევრ ქვეყანასთან შედარებითაც, აღარაფერი რომ არ ვთქვათ კანდიდატ ქვეყნებზე.
დემოკრატიული ინსტიტუტები, გამჭვირვალობა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა იქნება თუ ეკონომიკის განვითარება, ჩვენ ვართ პირველები, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით. საქართველომ შარშან პირველად გადააბიჯა იმ ზღვარს, რომელიც ჰქონდა ქვეყნებს ევროკავშირში გაწევრიანების მომენტში, დაახლოებით ექვსი, შვიდი ათასი დოლარი ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლით. ჩვენ რვა ათას ასი დოლარით დავხურავთ ამ წელს ერთ სულ მოსახლეზე, მშპ-ის მაჩვენებლით. ყველა კანდიდატს თუ შევადარებთ, ამით მეოთხე ადგილზე ვართ და ვუსწრებთ სხვა დანარჩენ კანდიდატ ქვეყნებს. ოთხ ქვეყანას ვუსწრებთ ამ მაჩვენებლით. აქედანაც ჩანს, რამდენად დამსახურებულად მიიღო საქართველომ კანდიდატის სტატუსი. პრინციპში, საბოლოო სამართლიანობაზე თუ ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, საქართველოს მიმართ დღესვე შეიძლებოდა ყოფილიყო გადაწყვეტილება მიღებული მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.