რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით, 2008 წლის შემდეგ სხვადასხვა სახის ფორუმი იმართებოდა და „ნაციონალური მოძრაობა“ არათუ მონაწილეობდა, თანხმობა მისცა რუსეთს, რომ გაწევრიანებულიყო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, ერთადერთი ბერკეტი, რომელიც საქართველოს ჰქონდა, ასე უბრალოდ გაანიავა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ეხებოდა მიმდინარე წლის ოქტომბერში ლევან დავითაშვილის მონაწილეობას ჩინეთში ერთ-ერთ ღონისძიებაში, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი პუტინიც ესწრებოდა და ამ საკითხზე პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე მინისტრის დაბარებასთან დაკავშირებით.
„ესეც იმ ნარატივის ნაწილია, რომ რამენაირად საქართველო გადააგდონ რადიკალურ კალაპოტში. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით სხვადასხვა სახის ფორუმი იმართებოდა 2008 წლის შემდეგ და „ნაციონალური მოძრაობა“ არათუ მონაწილეობდა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თანხმობა მისცა რუსეთს, რომ გაწევრიანებულიყო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში და ერთადერთი ბერკეტი, რომელიც საქართველოს ჰქონდა, ასე უბრალოდ გაანიავა.
ეს ყველაფერი ემსახურება ერთადერთ რამეს, რომ – რუსეთი, რუსი – ამ ძახილით რაღაც განწყობები შექმნან, მაგრამ მათი მცდელობები საბოლოო ჯამში ყოველ ზღვარს მიღმა არის, ვინაიდან ქართველი ხალხი ხედავს, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს წარმატებული საგარეო პოლიტიკა. ჩვენ ვართ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. ეს გადაწყვეტილება ყველა კითხვას სცემს პასუხს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.