მიხარია, რომ ევროპულმა საბჭომ დაინახა, დააფასა და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოსთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირი მკაფიოდ დგას გაფართოების გზაზე, ეს ის გზაა, რომელსაც საქართველო ახლა უკვე საბოლოოდ შეუდგა და საბოლოოდ აქვს დასტური ევროკავშირისგან.
„მინდა, სრულიად საქართველოს მივულოცო ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ეს ის გადაწყვეტილებაა, რომელიც საქართველომ დამსახურებულად, თავის შრომით, ბრძოლით მიიღო. მინდა, ეს დღე განსაკუთრებით მივულოცო ჩვენს საჯარო მოხელეებს, რომლებმაც წლების განმავლობაში ჩამოაყალიბეს სახელმწიფო, რომელიც სწორედ ევროპული კავშირის კანდიდატობის წევრობის ღირსი იყო. წევრობის ღირსიც არის. მინდა, მივულოცო, განსაკუთრებით ჩვენს ჯარისკაცებს, რომლებმაც საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით აჩვენეს, რომ საქართველო არის საერთაშორისო დონეზე უსაფრთხოების გარანტორი და ამ მხრივ ერთი დიდი ოჯახის წევრი. მინდა, მივულოცო თითოეულ ქართველს, რომელიც მუშაობს თავის სფეროში, აკეთებს ყველაფერს, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს კიდევ უფრო კარგი და ამით გახადოს შესაძლებელი დღევანდელი გადაწყვეტილება. ჩვენ დღეს ვიმკით იმ შრომის შედეგებს, რომელსაც, მათ შორის ბოლო წლის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო სხვადასხვა სტრუქტურები ეწეოდნენ, რათა ევროპულ საბჭოს ჰქონოდა ერთადერთი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, კერძოდ, გადაწყვეტილებისა კანდიდატის სტატუსის მონიჭების შესახებ. მიხარია, რომ ევროპულმა საბჭომ დაინახა, დააფასა და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოსთან დაკავშირებით.
ასევე მინდა, მივულოცო უკრაინასა და მოლდოვას მოლაპარაკებების გახსნაზე გადაწყვეტილება. საერთო ჯამში მოლოდინი სრულად გაამართლა ევროპული საბჭოს სხდომამ და პირველ დღეს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ყველა საკითხზე იქნება ეს საქართველო, უკრაინა, მოლდოვა და ბოსნია და ჰერცეგოვინა. ევროკავშირი მკაფიოდ დგას გაფართოების გზაზე, ეს ის გზაა, რომელსაც საქართველო ახლა უკვე საბოლოოდ შეუდგა და საბოლოოდ აქვს დასტური ევროკავშირისგან. მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილება დღეს უკვე მიღებულია ის ე.წ. შესაძლებლობის ფანჯარა, რომელზეც იყო საუბარი, ეს ფანჯარა საქართველომ უკვე გამოიყენა. ახლა წინ არის მუშაობა, რომელიც ბევრი ეტაპისგან შედგება. საქართველოს მოსახლეობა მინდა, დავარწმუნო, რომ საქართველოს ხელისუფლება ასევე წარმატებული იქნება ყველა ამ ეტაპის გავლაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა.