„იშვიათი და უდიდესი პატივია, ამ ისტორიულ დღეს, მოგმართოთ ქართველ ხალხს - გილოცავ, საქართველო! მდიდარი მრავალსაუკუნოვანი ისტორიითა და კულტურით, თავდადებული მამულიშვილებით, გმირებითა და ბრძენკაცებით; მებრძოლო თავისუფლებისა და რწმენისთვის, შეუპოვარო, დაუდგრომელო და ღირსეულო. გილოცავ დღევანდელ დღეს!“ - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე.
შალვა პაპუაშვილის შეფასებით, მრავალ გამარჯვებათა შორის, რომელიც ჩვენს სამშობლოს მოუპოვებია, დღევანდელი წარმატება ერთ-ერთი გარდამტეხია საქართველოს ისტორიის გზაზე.
„ეს ვიცით თითოეულმა ქართველმა. ვიცით, რადგან ევროპა ჩვენთვის არც უბრალოდ გეოგრაფიაა და არც მხოლოდ პოლიტიკური ერთობა. ეს არის ჩვენი მსოფლმხედველობა, ჩვენი სულიერება და ბუნებრივი მდგომარეობა. ის, რაც განფენილია ქართველი კაცის ლექსში, სიმღერასა თუ ცეკვაში, სადღეგრძელოში, ადამიანის სიყვარულსა და მიმტევებლობაში.
მრავალმა თაობამ ნაბიჯ-ნაბიჯ, შრომით, რუდუნებითა და დიდი მოთმინებით ვიარეთ ამ დღისკენ. ვიარეთ რწმენით და ღრმა შეგნებით, რომ ქართველები, როგორც ქრისტეს კვართის მცველები, რუსთაველის და ილიას მშობელი ერი, აუცილებლად დავბრუნდებოდით ისტორიულ წიაღში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც თუნდაც მცირედი წვლილი შეიტანა ამ საქმეში.
„მადლობა ჩვენს დიდ წინაპრებს, რომელთა შორის ერთ-ერთმა უდიდესმა ჯერ კიდევ ქართული ქრისტიანობის გარიჟრაჟზე ანდერძად დაგვიტოვა: „ნუ დაუტევებთ გზასა ბერძენთასა“; და მერე, ეს სიტყვები, ხელიდან ხელში, ბრძოლიდან ბრძოლაში, ჯამიდან ჯამში გადადიოდა საბოლოო გამარჯვების იმედით.
მადლობა ყველას, ვინც ამ გზაზე ჩვენს სამშობლოს მეგობრობის ხელი გამოუწოდა, ჩვენი შრომა და თავდადება დააფასა, გვენდო და მხარი დაგვიჭირა, ვინც ერთგულება დაგვიდასტურა.
და ბოლოს, მადლობა თქვენ, ბრძენ და მშრომელ ქართველ ხალხს, ვინც კარგად იცით გამარჯვების ფასი. სწორედ თქვენთვის და თქვენი სახელით მუხლჩაუხრელად და ამაყად გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის სანუკვარი მომავლის - ერთიანი, ძლიერი და გამარჯვებული საქართველოს შენებას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.