ვიღაცებს ჰგონიათ, რომ შემაშინებენ, დამაშინებენ, რაღაც მუქარით მელაპარაკებიან და მგონი, მაინც ვერ მიცნობენ, ან ეს არის მცდელობა, რომ ამაგდონ და მე ვთქვა, აბა რა. მეორე მხრივ, მე ძალიან მადლობელი ვარ, მესმის საზოგადოებიდან და ბევრი სხვადასხვა ჯგუფებიდან, დავიცავთ პრეზიდენტს, მაგრამ დასაცავიც არ ვარ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„არც მეშინია და ვნახოთ, სად ვიქნები, როგორ ვიქნები 29-ის მერე, მაგრამ ვიქნები ის, რაც ვარ, პრეზიდენტი თავისი სიმბოლიკით, თავისი დატვირთვით, თავისი დამოუკიდებლობით და იქნება ეს პრეზიდენტი თქვენი, ყველას მსახური, თქვენ გემსახურებით, როგორც ვემსახურები ქვეყანას და სამშობლოს. ასე რომ, ყველაფერი ძალიან ნათელია. ყველაფერი ძალიან მარტივია. მინდა, ხაზი გავუსვა აუცილებლად, რომ არავის ამ ქვეყანაში არ უნდა არეულობა. ხელისუფლების, უფრო სწორად მმართველი პარტიის გეგმებში, სცენარებში, ზოგიერთი სცენარი ჩვენც გვაქვს ნანახი, აწვებიან იმას, რომ იქნება არეულობა, იქნება სამოქალაქო დაპირისპირება და რაღაცნაირად, ამ სცენარს უწყობენ ხელს. ნაძვის ხის მომენტი იყო ამის მომენტი, გუშინაც ალბათ იმედი ჰქონდათ, ამიტომ იყო ამდენი პოლიციელი თავმოყრილი თავისუფლების მოედანზე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.