ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ განაცხადებს პრეტენზიას, რომ უნდა დაბრუნდეს ხელისუფლებაში, „ქართული ოცნების“ პოზიციებს ამით მხოლოდ აძლიერებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, სადაც ის აღნიშნავს: „ივანიშვილის დამარცხების მთავარი გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს. ჩვენთან უნდა ისაუბროს ყველამ. მოვიდნენ და თუ უნდათ, მივეხმარებით ამ გასაღების გადამრავლებაში, რომ 5-7% მიიღონ, რათა ხვალ, ზეგ იყოს კოალიციური მთავრობა“.
სალომე სამადაშვილის თქმით, აპირებენ, ამომრჩეველს შესთავაზონ ალტერნატივა, რომელიც არ იქნება არც „ნაციონალური მოძრაობა“ და არც „ქართული ოცნება“.
„ნაციონალურ მოძრაობას“ რაც შეეხება, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა არათუ „ქართული ოცნების“ დამარცხების გასაღები არ არის, არამედ პირიქით. „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტებად ოპოზიციის გამოცხადებაზე დგას დღეს მთელი „ქართული ოცნების“ პროპაგანდა, რადგან ყველას ნათლად ესმის, რომ ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ განაცხადებს პრეტენზიას, რომ უნდა დაბრუნდეს ხელისუფლებაში, „ქართული ოცნების“ პოზიციებს ამით მხოლოდ აძლიერებს. ამიტომ არის სწორედ, რომ ჩვენ ვაპირებთ, შევთავაზოთ ქართულ ამომრჩეველს ალტერნატივა, რომელიც არ იქნება არც „ნაციონალური მოძრაობა“ და არც „ქართული ოცნება“. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არჩევნებამდე ცხადია, არანაირ თანამშრომლობას არ ვაპირებთ, მით უმეტეს, იმ ფორმაში მყოფ პარტიასთან, რომელშიც ეს პარტია დღეს არის“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.