„ის რაც დღეს და გუშინ ხდებოდა საქართველოს პარლამენტში არის ცალსახად ამ ქვეყნის ევროპული მომავლის საბოტაჟი. ეს ქვეყანა ევროკავშირთან ურთიერთობების ისტორიის მანძილზე, პირველად დასანქცირდა თქვენი ხელისუფლების დამსახურებით, როდესაც შეგვიწყვიტეს დახმარება. დიახ, ჩვენ ვამბობთ რომ დროულად უნდა დასანქცირდეს ბიძინა ივანიშვილი, რათა არ დასანქცირდეს ჩვენი ქვეყანა. ის რასაც თქვენ აკეთებთ თუნდაც, რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენით - ეს არის საფრთხე იმისა, რომ საქართველო დადგება დარტყმის ქვეშ. რუსეთთან პირდაპირი ფრენები ნიშნავს იმას, რომ ასჯერ გაიზრდება საფრთხე - საქართველო გამოყენებული იქნეს სანქციების გვერდის ავლის მიზნით. " - ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტში "ლელოს" წარმომადგენელმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
" ეს ნიშნავს იმას, რომ გაიზრდება საფრთხე და თქვენი დამსახურებით, ქვეყანამ არა მხოლოდ დაკარგოს ევროპული მომავალი არამედ, ასევე აღმოჩნდეს სანქციების ქვეშ. დიახ, ჩვენ გვირჩევნია დასანქცირდეს ივანიშვილი, დასანქცირდეს ის ხალხი, ვინც დღეს ხელს უშლის ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს და რათა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი გადავარჩინოთ“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
მისი თქმით, 1 წლის წინ, ნიკა გვარამიას დაპატიმრებით, დაიხურა შანსი ჩვენი ქვეყნისთვის, რომ საქართველოს შარშან მიეღო კანდიდატის სტატუსი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.
„მე შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ სანამ არ გაიხსნება ნიკა გვარამიას საკნის კარები, ჩვენ წარმატების არანაირი შანსი არ გვექნება იმიტომ, რომ პოლიტიკური პატიმრების პირობებში მყოფ ქვეყანას ევროპაში ადგილი არ აქვს. ნიკა გვარამიას პატიმრობა არ არის დღეს ერთადერთი გზა, რომლითაც „ქართული ოცნება“ საბოტაჟს უწევს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.