საბჭოთა სიმბოლიკა აკრძალულია და საინტერესოა, რომ ეს არ იცის პარლამენტმა დღევანდელი უმრავლესობის პირობებში, რომელიც 9 მაისს საბჭოთა სიმბოლიკით ულოცავს ქართველ ხალხს, - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარლამენტის ოფიციალურ "ფეისბუქ" გვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოს გამოეხმაურა, სადაც დროშაზე ჩანს საბჭოთა სიმბოლიკა.
მისივე თქმით, საქართველომ ფაშიზმზე გამარჯვების დღე ევროპასთან ერთად 8 მაისს უნდა იზეიმოს.
"საბჭოთა სიმბოლიკა, ყველა ქვეყანაში, რომელიც ოდესღაც იყო საბჭოთა კავშირის წევრი ან სატელიტი ქვეყანა და დღეს არის დემოკრატიული სახელმწიფო, ყველგან დღეს არის აკრძალული, მათ შორის, ჩვენს ქვეყანაშიც. საინტერესოა, რომ ამის შესახებ არ იცის პარლამენტმა დღევანდელი უმრავლესობის პირობებში და საბჭოთა გამარჯვების დღეს 9 მაისს საბჭოთა სიმბოლიკით ულოცავს საქართველოს პარლამენტი ქართველ ხალხს. ეს აჩვენებს იმას, თუ ვინ არის ხალხი, ვინც დღეს არის უმრავლესობაში. ჩემთვის გასაოცარი არ არის, რომ "რაშისტული" რუსეთის დავალების შემსრულებელი უმრავლესობა საბჭოთა სიმბოლიკით ულოცავს ქართველ ხალხს 9 მაისს ჯერ კიდევ დამოუკიდებელ საქართველოში.
რაც შეეხება 9 მაისს, დიდი ხანია ვამბობთ, რომ ფაშიზმზე გამარჯვებას 9 მაისს ზეიმობს მხოლოდ რუსეთის ფედერაცია, ამ დღეს ევროპა ზეიმობს 8 მაისს და როცა ხელისუფლება შეიცვლება და "რაშისტების" მოკავშირე ხელისუფლება ჩამოიშლება, აუცილებლად საქართველო ევროპასთან ერთად იზეიმებს ამ დღეს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.