ნათია თურნავას უნდა დაუწესდეს საერთაშორისო სანქციები. პარლამენტმა უნდა დაიწყოს იმპიჩმენტი. ქვეყანა ჩააყენა უდიდესი რისკის ქვეშ. ოთარ ფარცხალაძისადმი ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული შეზღუდვები გააუქმა:(((( - ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს ცვლილება შეიტანა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში, რომელსაც ხელს აწერს საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი/ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათელა თურნავა.
ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით"
"როგორც ცნობილია, 2022 წლის 26 თებერვლიდან, საქართველოს ეროვნული ბანკის მითითებით, საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ აშშ - ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად.
შეგახსენებთ, რომ ქართული საფინანსო სექტორი მოქმედებს სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით. საქართველო არასდროს ყოფილა და არც მომავალში იქცევა სანქციების გვერდის არიდების ადგილად.
ამასთან, ამ პროცესში, ადგილი აქვს პირველ პრეცედენტს, როდესაც ასეთი სანქციები შეეხო საქართველოს მოქალაქეს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს იცავს საქართველოს კონსტიტუცია. საქართველოს ეროვნული ბანკი, ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციით და უდანაშაულობის პრინციპით, მიიჩნევს რომ საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი.
საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების სრულყოფილად რეალიზების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა და აამოქმედა ცვლილება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს N208/04 ბრძანებაში, რომლის თანახმად, ამ წესით გათვალისწინებული სანქციათა რეჟიმები ვრცელდება:
ა) საქართველოს მოქალაქეზე, თუ მის მიმართ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი;
ბ) საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომლის წილს ფლობს (ფლობენ) სანქცირებული საქართველოს მოქალაქე (მოქალაქეები), თუ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი.
საქართველოს ეროვნული ბანკი ზედამხედველობის პროცესში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის ორგანოებს შემდგომი რეაგირებისთვის.
საქართველოს ეროვნული ბანკი ყურადღებით შეისწავლის და განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანს სანქციების გვერდის არიდების თითოეულ სავარაუდო შემთხვევას და რისკებს.
საქართველოს ეროვნული ბანკი მზად არის საერთაშორისო პარტნიორებს მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნული გადაწყვეტილების დეტალების შესახებ." - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
ოთარ ფარცხალაძე კი აცხადებს, ჩემ წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კონკრეტული ადამიანების ინსპირირებულია და ამ ათწლიანი დისკრედიტაციის კამპანიის დაგვირგვინებაა
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, სანქცირებულ პირს, ოთარ ფარცხალაძეს ეზღუდება, როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა
ცნობისთვის, ოთარ ფარცხალაძე იყო საქართველოს მთავარი პროკურორი 2013 წლის 7 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე