დღეს, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ, სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ნათია თურნავა აირჩია.
დღეს, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ, სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ნათია თურნავა აირჩია. საქართველოს პარლამენტის მიერ ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებით, ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოზიცია განისაზღვრა. პირველი ვიცე-პრეზიდენტი პრეზიდენტის მოვალეობას მისი არყოფნის შემთხვევაში ასრულებს. აღსანიშნავია, რომ ეს იქნება პირველი პრეცედენტი, როდესაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას ქალი შეასრულებს.
"დიდი პასუხისმგებლობაა, დაიკავო პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, იყო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ორგანიზაციაში, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობაზე. საქართველოს ეროვნულ ბანკში გამორჩეული პროფესიონალები მუშაობენ, ქვეყანამ პანდემიის და რუსეთ-უკრაინის ომის პირობებშიც შეინარჩუნა ფინანსური სტაბილურობა და საერთაშორისო რეიტინგები. ბუნებრივია, რომ გაგრძელდება ყველა ის რეფორმა/პროექტი, რომელზეც ეროვნული ბანკი მუშაობდა, მათ შორის, ციფრული ტექნოლოგიების და უახლესი ინოვაციების განვითარების მხარდაჭერა. ასევე, ჩვენი მანდატის ფარგლებში, განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური განვითარებისათვის", - განაცხადა ნათია თურნავამ.
ნათია თურნავა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად პარლამენტმა გასული წლის 7 ივნისს აირჩია. სებ-ის საბჭოს წევრად არჩევამდე, ნათია თურნავა სხვადასხვა მაღალი რანგის თანამდებობებს იკავებდა. მას 30-წლამდე პროფესიული სამუშაო გამოცდილება აქვს. ნათია პროფესიით ეკონომისტია, ფლობს ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხს. ასევე, 2014 წელს დაამთავრა დიდი ბრიტანეთის კამბრიის საგრაფოს უნივერსიტეტი, ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხით.
მას ეკავა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობა 2019-2022 წლებში, ხოლო 2018-2019 წელს კი - მინისტრის მოადგილის თანამდებობა. მანამდე ის, ხუთი წლის განმავლობაში, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იყო.
2006-2013 წლებში კი ნათია თურნავა შპს "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" (GIG) დირექტორთა საბჭოს წევრი და შპს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის" გენერალური დირექტორი, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იყო. უფრო ადრე, 2000-2005 წლებში, თურნავა საქართველოს ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის ფუნქცია-მოვალეობებს ასრულებდა.
ეროვნული ბანკის საბჭო ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა, რომელიც, სებ-ის შესახებ ორგანული კანონის თანახმად 9 წევრისაგან შედგება და მის წევრებს საქართველოს პარლამენტი, პრეზიდენტის წარდგინებით, 7 წლის ვადით ირჩევს.
ბრიფინგის დასრულების შემდეგ, ნათია თურნავამ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა: "ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძლიერი, ეფექტიანი და მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდეს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რისთვისაც ყველაფერს გავაკეთებთ. ეროვნული ბანკი ასევე გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალურ ბანკებთან. შენარჩუნდება ყველა ის რეგულაცია და შეზღუდვა, რომელიც აშშ-მა, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა დაუწესეს რუსეთს უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეებიდან. ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა გარანტირებულია ქვეყნის ყველაზე მთავარი საკანონმდებლო აქტით საქართველოს კონსტიტუციით და "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანული კანონით. ბუნებრივია, გარკვეულ საკითხებში, იქნება კოორდინაცია მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან", - განაცხადა ნათია თურნავამ.