რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრებმა სამუშაო ფორმატში, რეგიონული განვითარების მინისტრს, კახაბერ გულედანს მოუსმინეს. მინისტრმა სამინისტროს მიერ გაწეულ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და ის პრიორიტეტები და მიმართულებები გამოკვეთა, რომელზეც მუშაობას აპირებს.

კახაბერ გულედანმა კომიტეტის წევრებს მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან გამართულ შეხვედრებზე ინფორმაცია მიაწოდა და იმ საჭიროებებსა და გამოწვევებზე ისაუბრა, რომელიც ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დონეზე არსებობს.

 რეგიონული განვითარების მინისტრმა კომიტეტის წევრების და დელეგატი დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.

 „მინისტრმა ის მიმართულები გაგვაცნო, რომელზეც სამინისტრო აპირებს მუშაობას. უწყების მთავარ ამოცანას მუნიციპალიტეტების და რეგიონალური პოლიტიკის გაძლიერება წარმოადგენს. ეს შეეხება როგორც კომპეტენციების გაძლიერებას, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას და რა თქმა უნდა, დეცენტრალიზაციას, რომელიც თვითმმართველობების როლის გაზრდას და რეგიონალური კომპონენტის წინ წამოწევას   გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ სამინისტროს, თავის საქმიანობის ფარგლებში, კოორდინაცია მოუწევს არა მხოლოდ თვითმმართველობის ორგანოებთან, ასევე სამინისტროებთან, რათა რეგიონებში დაგეგმილი პროექტები სრულფასოვნად შესრულდეს“, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.

 მისივე თქმით, კომიტეტი ახლად შექმნილ სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებს და ეს შეეხება როგორც საკანონმდებლო მიმართულებას, ასევე კომიტეტის მაკონტროლებელი ფუნქციების შესრულების პროცესს.