„რადიკალურ ოპოზიციას და პოლიტიკურ უმცირესობას არანაირი უფლება არ აქვს ილაპარაკოს ქართველი ხალხის სახელით“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მან თანაგუნდელებს მოუწოდა, „არ აჰყვნენ ოპოზიციის პროვოკაციებს, რომელსაც აწყობენ“.
„პროვოკაცია არის მათი დღის წესრიგი, რაც ჩვენ არ უნდა გავიმეოროთ. ისიც ფაქტია, რომ ეს ადამიანები თვითონ რაც არიან, იმას ეძახიან და აბრალებენ სხვებს, მაგრამ ყველამ კარგად იცოდეთ, რომ არასდროს არავის არ გაგიტარებთ, არავის გაპატიებთ არც რუსის და არც მოღალატის დაძახებას. თქვენ ჩვენზე მეტი ევროპელები ვერ იქნებით, რადგან ჩვენზე მეტი ქართველებიც არ ხართ. თქვენ არასდროს დგახართ საქართველოს მხარეს! თქვენ ყოველთვის იდექით ღალატის, უღმერთობის, ფარისევლობის, სიძულვილის, აგრესიის, კასრებისა და უჩა აბაშიძის მორალის მხარეს“, - მიმართა რატი იონათამიშვილმა საპარლამენტო ოპოზიციას.
მისივე თქმით, ყველაზე ამორალური ისაა, რომ კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარ სახლებში დაიწყო ფარული კამერების დამონტაჟება.
„კასრის სინდრომიდან კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გამოსული არ არის. უბრალოდ, ადრე თუ სხვის საძინებლებში შევარდებოდნენ და ამონტაჟებდნენ ფარულ კამერებს, ახლა საკუთარ სახლებში ამონტაჟებენ იგივე ამოცანებისთვის“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, საპროტესტო აქციის ფონზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილა და მას მხარი დაუჭირა.
საპროტესტო აქცია "არა რუსულ კანონს" მონაწილეები პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან ღამე გაათენეს და დილამდე დარჩნენ - ადგილზე სამართალდამცველები არიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტთან, აქციაზე 20 პირია დაკავებული, აქედან 3 პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეა - 1 რუსეთის, 2 ამერიკის შეერთებული შტატების
ცნობისთვის, პრეზიდენტმა განაცხადა: 1 ნოემბრისთვის გადაიტანეთ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"კანონის ამოქმედების ვადა - არჩევნების მერე, ვინც მოვა ხელისუფლებაში, ის გადაწყვეტს, ეს კანონი რუსულია, თუ რაიმე სხვა კანონის გადამღერება
ასევე, პრემიერის თქმით, ხვალ და ზეგ საქართველოს პარლამენტი გეგმავს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებას მესამე მოსმენით - გადაწყვეტილებები მიიღება ხალხის უმრავლესობის ინტერესების შესაბამისად
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო
ევროპარლამენტმა საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან" დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას მხარი დაუჭირა 425-მა ევროპარლამენტმა, წინააღმდეგ 25 წავიდა, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა. - ევროპარლამენტი ევროსაბჭოსა და პარტნიორებს მოუწოდებს, ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება განიხილონ
საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის თქმით, კანონი "უცხოელი აგენტების" შესახებ, შესაძლოა, შემოიღონ იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ არსებობდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი მიიღო
2024 წლის 16 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის..
2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო, რომელიც, საპროტესტო აქციებით დღემდე გრძელდება.