ჩემო საქართველო, შენ, შეგიძლია იამაყო ჩვენი 14 პარაათლეტით, ვინც შენს ღირსებას პარიზში, მილიონობით აუდიტორიის წინაშე ამაყად და ღირსეულად იცავს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"პარიზის პარალიმპიადის 8 დღის შემდეგ საქართველო 5 მედლით 180 ქვეყანას შორის 47-ე ადგილზეა, მაგრამ უსწრებს ისეთ ქვეყნებს როგორიც არის: ირლანდია, სერბეთი, სამხრეთ აფრიკა, სლოვენია, ბულგარეთი, შვედეთი, საუდის არაბეთი, ახალი ზელანდია, ავსტრია, ფინეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, კვიპროსი, მონტენეგრო, ხორვატია, ლიეტუვა, ესტონეთი და სხვა.

დარჩენილ დღეებში, რა თქმა უნდა, ჩვენი მონაგარი კიდევ გაიზრდება და ჯერ ამ შთამბეჭდავ ისტორიაში ბოლო სიტყვა ნამდვილად არ გვითქვამს.

ჩემო საქართველო, შენ, შეგიძლია იამაყო ჩვენი 14 პარაათლეტით, ვინც შენს ღირსებას პარიზში, მილიონობით აუდიტორიის წინაშე ამაყად და ღირსეულად იცავს. მადლობა თითოეულ მათგანს და არ შეიძლება ესეც რომ არ ითქვას - ყველაზე ლამაზი, ყველაზე ლაღი, ყველაზე თავდადებული და ღირსეული ნაკრებიც პარიზი 2024-ზე - ეს არის საქართველო!"