„ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის საქართველოს პირველი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებში ქვეყანას ომი არ ჰქონია. ამასთან, უწყვეტი მშვიდობა „ქართულმა ოცნებამ“ ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარების პირობებში შეინარჩუნა. - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადებაშია ნათქვამი. 

"ამ მხრივ, განსაკუთრებით რთული იყო გასული 3 წელიწადი, როდესაც საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის პირდაპირი საფრთხე შეექმნა, თუმცა, უმძიმესი ზეწოლისა და შანტაჟის მიუხედავად, ხელისუფლება ამ გამოწვევასაც ღირსეულად გაუმკლავდა და უმკლავდება, საზოგადოება კი ხედავს, რომ ვერავითარი მუქარა და შანტაჟი, ვერავითარი სანქციები და განცხადებები ვერ აიძულებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, საქართველო ომის ქარ-ცეცხლში გახვიოს, რაც ჩვენს ქვეყანას განადგურებას მოუტანდა. 

2012 წელს, უმძიმესი დემოკრატიული უკუსვლის 9-წლიანი პერიოდი უწყვეტმა დემოკრატიულმა წინსვლამ ჩაანაცვლა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 2012 წლის 1 ოქტომბერს წარსულს ჩააბარა უმძიმესი ავტორიტარული რეჟიმი, არადემოკრატიული კონსტიტუცია, არჩევნების გაყალბება, ადამიანების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკა, ბიზნესის რეკეტი, მონოპოლიზებული მედია, პოლიტიკურ კონტროლს დამორჩილებული სასამართლო და უამრავი სხვა მანკიერება. დღეს საქართველოში დაცულია ადამიანის უფლებები, ქვეყანას აქვს დემოკრატიული კონსტიტუცია, ტარდება სამართლიანი არჩევნები, აღიკვეთა ადამიანების წამება და არაადამიანური მოპყრობა, ბიზნესი თავისუფალია, როგორც არასდროს, დაცულია სასამართლოს დამოუკიდებლობა, უზრუნველყოფილია მედიაპლურალიზმი." - ნათქვამია "ოცნების პოლიტსაბჭოს განცხადებაში.