დიახ ჩემო მეგობრებო, ჩვენ ბევრი ვიბრძოლეთ, ბევრი ვიშრომეთ და ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ. ჩვენ, ხელისუფლებამ და ხალხმა, დამსახურებულად მოვიპოვეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.
„მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ჩემო ძმებო და დებო, პირველ რიგში, მე მინდა, მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის. გილოცავთ კანდიდატის სტატუსის მონიჭებას. ჩემთვის დიდი პატივია თქვენს წინაშე სიტყვით გამოსვლა. მე გილოცავთ ამ მართლაც ისტორიულ მოვლენას, ისტორიულ გადაწყვეტილებას და ისტორიულ გამარჯვებას, ჩემო მეგობრებო! ეს ისტორიული გამარჯვება გეკუთვნით თქვენ, ჩვენს დაუმარცხებელ, გაუტეხელ, ამაყ და თავისუფლების მოყვარე ქართველ ხალხს! დიახ ჩემო მეგობრებო, ჩვენ ბევრი ვიბრძოლეთ, ბევრი ვიშრომეთ და ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ. ჩვენ, ხელისუფლებამ და ხალხმა, დამსახურებულად მოვიპოვეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ჩვენ დავიმსახურეთ ეს გამარჯვება, ჩვენ ვიშრომეთ და ჩვენ ვიბრძოლეთ, ქართველი ხალხის სახელით, თქვენი სახელით, ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის და ჩვენ ერთად მოვიპოვეთ ეს გამარჯვება. დიახ ჩემო მეგობრებო, ჩვენ არ დავდექით ცალ ფეხზე და არ დავდექით მუხლისჩოქებზე, არამედ, ჩვენ დავდექით მტკიცედ და ღირსეულად მოვიპოვეთ ეს გამარჯვება. მე მინდა გითხრათ, რომ ეს გზა რა თქმა უნდა, არ იყო იოლი, ჩვენ ძალიან ბევრი განსაცდელი გავიარეთ, ძალიან ბევრი სირთულე შეგვხვდა ამ გზაზე, მაგრამ ჩვენ ღირსეულად და მტკიცედ გავიარეთ ეს გზა და მოვედით დღევანდელობამდე. ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ, ჩვენ ერთად დავამარცხეთ ჩვენი ქვეყნის შიდა თუ გარე მტრები, ის მოწინააღმდეგე ძალები, რომლებიც ებრძოდნენ ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ჩვენ ასევე თავიდან ავიცილეთ მთავარი განსაცდელი, ომი და უბედურება, შევინარჩუნეთ მშვიდობა, დავიცავით ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყანა, გავაძლიერეთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა“, - განაცხადა პრემიერმა.