„მინდა, მივულოცო ეს დღე ჩვენი პარტიის დამფუძნებელს ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომლის მმართველობამაც მოიტანა სწორედ დღევანდელი დღე, ეს გამარჯვება და ეს წარმატება. 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მიაღწია მაქსიმუმს და დღევანდელი დღე, შეიძლება ითქვას, არის ერთგვარი დაგვირგვინება ჩვენი წარმატებული მმართველობისა. – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მქონდა პატივი, ჩვენი ქვეყნის სახელით და გუნდის სახელით, ხელი მომწერა ჯერ ასოცირების შეთანხმებაზე, შემდეგ ჩემი მმართველობის პირველი პერიოდის დროს ჩვენ წარმატებით დავასრულეთ უვიზო რეჟიმთან დაკავშირებული მოლაპარაკებები. შარშან მქონდა პატივი, რომ უკვე ოფიციალურად ჩვენი ქვეყნის სახელით შემეტანა განცხადება, განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. შარშან მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, რითაც დამტკიცდა, რომ ჩვენი ქვეყანა გახდება ევროპული ოჯახის წევრი. დღეს უკვე, 14 დეკემბერი ჩაიწერება როგორც ისტორიული თარიღი. საქართველო დღეიდან უკვე არის ევროპული სახელმწიფო, ევროპული ქვეყანა, საქართველო არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა. ასე რომ, ეს გამარჯვება გეკუთვნით თქვენ, ძვირფასო მოქალაქენო, ეს არის ჩვენი შრომის, ჩვენი ბრძოლის შედეგი. კიდევ ერთხელ მე მინდა, მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ისტორიული გამარჯვების საქმეში თითოეული აგური დადო და ეს გამარჯვება მოგვიტანა ჩვენს ხალხს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.