ვკარგავთ სუვერენიტეტს, რადგან გადაწყვეტილებები არ მიიღე ხალხის ნების შესაბამისად, არამედ მიიღება იმის მიხედვით თუ რა გაახარებს რუსეთს - ამის შესახებ ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
„მე არ გამოვსულვარ ქუჩაში მხოლოდ ერთი, კონკრეტული ფაქტის გასაპროტესტებლად, იმიტომ რომ სურათი უფრო ფართოდ უნდა დავინახოთ. როგორც ჩანს, პუტინის ხელისუფლებამ იგრძნო, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია არის ძალიან რეალური და არ არის შორს ის დრო, როდესაც ჩვენ უნდა მივიღოთ სტატუსი და მათ დაიწყეს „სპეცოპერაცია“ სახელით - საბოტაჟი საქართველოს ევროინტეგრაციას. რუსული კანონი ეს იყო პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით. ვფიქრობ, რომ მართლაც ვკარგავთ სუვერენიტეტს იმიტომ, რომ გადაწყვეტილებები არ მიიღება ხალხის ნების, განწყობებისა და სურვილების შესაბამისად, არამედ მიიღება იმის მიხედვით რა უნდა რუსეთს და რა გაახარებს მას“- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.